ღარიბაშვილი: დიდი ჰესები სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს

© Government of Georgiaენგურჰესი
ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
ქვეყანას გააჩნია საკმარისი ჰიდრორესურსები და საჭიროა მათი რაციონალური გამოყენება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა აშენდეს მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც, მაგრამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გათვალისწინებით.
„ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება: 2021 წლის ათ თვეში საქართველოში 12,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიაა მოხმარებული, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21,8%-ით მეტია.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე: რუსეთიდან (1 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი), თურქეთიდან (161,2 მლნ კვტ/სთ) და აზერბაიჯანიდან (505,7 მლნ კვტ/სთ).
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0