გველების სიმრავლე სამებაში: სოფელში სპეციალური ჯგუფი მუშაობს

© photo: Sputnik / Vyacheslav Bobkov / გადასვლა მედიაბანკშიგველები
გველები - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2022
გამოწერა
შექმნილი ვითარების გამო სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი კვირაა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს და გველების სიმრავლის მიზეზს შეისწავლის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქვეწარმავლების მომრავლების გამო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში საჯარო სკოლა მეორე კვირაა, დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.
არსებული ინფორმაციით, სამების სკოლა ძველ შენობაშია განთავსებული და ტბასთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც დიდი რაოდენობით ქვეწარმავლები ამოდიან. არის რეკომენდაცია, რომ სკოლის ადმინისტრაციამ, შენობის მახლობლად მდებარე ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენებს მიაქციოს ყურადღება და გაწმინდოს.
„ძალიან ბევრი ქვეწარმავალი ამოდიოდა ეზოში, კლასებშიც. უნდა დაველოდოთ და ვნახავთ, რა ეფექტი ექნება ამ სადეზინფექციო სამუშაოებს. თუ ვეღარ შევამჩნევთ ქვეწარმავლებს და ბავშვებისთვის გარემო იქნება უსაფრთხო, სწავლა განახლდება დასწრებულ რეჟიმში“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა მზექალა მინაძემ.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნული პრობლემა ყოველთვის ჰქონდა სოფელს, თუმცა ასეთი მასშტაბური და სერიოზული არასოდეს ყოფილა.
სოფელი სამება ბოლო დროს იმითაც გახდა ცნობილი, რომ იქ გამუდმებით მიწისძვრები ხდება. ამ სოფელში 23 მარტის შემდეგ დღემდე 10 მიწისძვრა მოხდა. ბოლოჯერ აქ 3,5 მაგნიტუდის ბიძგები წუხელ ღამით დაფიქსირდა.
შაბათს გავრცელდა ინფორმაცია გველების სიმრავლის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოშიც.
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.
სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.
ყველა ახალი ამბავი
0