საეჭვო თუ დამაიმედებელი? როგორ შეაფასეს საქართველოში ამერიკული ორგანიზაციის გამოკითხვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2022
გამოწერა
სკეპტიციზმი, გაუგებრობა და განსხვავებული აზრი – ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას საქართველოს პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვა შეფასება მიეცა.
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ავტორიტეტული ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგებმა ქართულ პოლიტიკურ წრეებში არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები გამოიწვია.
კვლევამ აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნები რომ შემდეგ კვირაში ტარდებოდეს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემს მოსახლეობის 31%.
მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს 16%, ხოლო ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 4%.
„რაც შედეგებია, იქ არის გარკვეული სკეპტიციზმის საფუძველი, მონაცემების სრულფასოვან სანდოობასთან დაკავშირებით... 30% განუსაზღვრო პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც, მაგალითად, ბოლო შუალედურ არჩევნებზე 70%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს ცოტა უცნაურად მეჩვენება“, – განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიტიკოსს ასევე უცნაურად ეჩვენება გახარიას რეიტინგი, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პერსონებს შორის მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. პოლიტიკოსზე დადებითი მოსაზრებები აქვს გამოკითხულთა 40%-ს, ხოლო ნეგატიური – 55%-ს.
„რა უცნაურია – გახარიას პარტიას რამდენი აქვს მხარდაჭერა ამავე კვლევის მიხედვით? უფრო მეტი სიმპათია აქვს საზოგადოებას პოლიტიკოსის მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პარტიის ლიდერია. მიკვირს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი დამოკიდებულება გახარიას მიმართ, სანამ ის პრემიერის პოსტს დატოვებდა, აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ის მაშინ იყო პოლიტიკური ლიდერი პარტიისა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერდა მხარს, აღნიშნა დეპუტატმა.
„ახლა როგორია მოცემულობა, ამაზეა ლაპარაკი. კონსტანტა კი არ არის მისი რეპუტაცია, ირყევა იმის მიხედვით, როგორია გადაწყვეტილებები – მართებული თუ მცდარი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობიდან სხვა დეპუტატის დავით მათიკაშვილის აზრით, გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ქვეყნის მოსახლეობა დადებითად აფასებს მთავრობის მიერ არჩეულ კურსს.
საქართველოს მმართველი პარტია NDI-ს გამოკითხვას არ ენდობა>>
„კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების განწყობა ხელისუფლების პოლიტიკისადმი არის აბსოლუტურად დადებითი და ის ასახავს საზოგადოების მხრიდან რეალურ სურვილს, რომ სწორი გზით ვითარდებოდეს ქვეყანა“, – განაცხადა მათიკაშილმა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია.
„ხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის... ოპოზიცია რომ ყველა მიმართულებით უმძიმეს მდგომარეობაშია, ამას ყველა ხედავს და ეს ჩატარებულმა კვლევამაც კი დაადასტურა“, – განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის შეფასება
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლევის შედეგებს დამაიმედებლად მიიჩნევენ.
„კვლევის შედეგი უფრო ზომიერია ხოლმე, იმიტომ რომ იმ ადამიანებს, ვინც არ პასუხობს, აქვთ შიშის ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპოზიციას გაცილებით მეტი ხმა ექნება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.
მისი თქმით, ამ კვლევაში ისაა მთავარი, რომ მთლიანობაში ოპოზიცია მეტ მხარდაჭერას იღებს, ვიდრე მმართველი პარტია.
საპარლამენტო ოპოზიციურ პარტია „გირჩში“ ეჭვი შეეპარათ ამერიკული ორგანიზაციის კვლევის კვალიფიციურობაში. დეპუტატი იაგო ხვიჩია უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ რეიტინგში პარტიის არცერთი ლიდერი არ მოხვდა.
„ვერ გავიგე პრინციპი, ვის რა კრიტერიუმით ზომავენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერის აზრით, აღნიშნულ კვლევებს არასწორად ატარებენ და ამით ამერიკული ინსტიტუტების რეპუტაციას ლახავენ.
„ვერასდროს დავადგინე, ჩვენ რატომ არ „გვზომავენ“... არაკვალიფიციური კვლევები კი პესიმიზმს აჩენს აშშ-ისა და მათი ინსტიტუციების მიმართ. მოვუწოდებდი, საქმეს ბევრად კვალიფიციურად მოეკიდონ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ყველა ახალი ამბავი
0