საქართველოს მმართველი პარტია NDI-ს გამოკითხვას არ ენდობა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2022
გამოწერა
ორგანიზაციის კვლევების მიმართ არ არის დადებითი დამოკიდებულება არც ხელისუფლებაში, არც საზოგადოებაში, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. აშშ-ის „ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI), რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას საქართველოში, ვერასდროს ვერ გააკეთა სწორი პროგნოზი არჩევნების წინ, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

„ენდიაის“ კვლევასთან დაკავშირებით არ მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ვინაიდან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი ციფრები მიახლოებულიც კი იმ რეალობასთან, რაც არჩევნების შემდეგ დადგა. რასაკვირველია, გვაქვს იმის საფუძველი, რომ არ ვენდოთ“, – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

კითხვაზე „რომელი პარტია არის თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ გამოკითხულთა 22%-მა დაასახელა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხოლო 7%-მა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გამოკითხულთა 64%-მა უპასუხა, რომ არცერთი პოლიტიკური პარტიის შეხედულებებს არ იზიარებს.
„ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ,,ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ძალიან დაბალია, მით უმეტეს, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაუჭირდათ, მაგრამ შეფასება, პროცენტები არა მგონია, ზუსტად ის იყოს, რაც ასახავს საზოგადოების განწყობებს და, ზოგადად, გამოკითხვა, როგორც ასეთი, საკმაოდ დისკრედიტირებულია საქართველოში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერი გამოეხმაურა პარლამენტის დაბალ რეიტინგს ამერიკული ორგანიზაციის კვლევაში. დაბალი მაჩვენებლები მან იმით ახსნა, რომ საზოგადოება ბოლომდე არ იცნობს პარლამენტის საქმიანობას, რა კანონპროექტები განიხილება და რა საკითხებია დღის წესრიგში.
ვოლსკიმ უნდობლობა გამოთქვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ მონაცემების მიმართაც. გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80% ამ კურსით უკმაყოფილოა. მისი თქმით, საქართველო დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან და საერთაშორისო პარტნიორების დაფასება. სწორედ ამ საგარეო პოლიტიკურ კურსს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა.
კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2.099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა.
ყველა ახალი ამბავი
0