რა ელის სააკაშვილს: ნინო ლომჯარიამ საკითხის გადაჭრის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2022
გამოწერა
სახელმწიფო ვალდებულია სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს, აცხადებს სახალხო დამცველი.
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას რეკომენდაციაა, შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ – როგორ, სად და რა ფორმით არის უკეთესი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. ამის შესახებ მან ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გასულ კვირაში, სასამართლოს ბოლო სხდომაზე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჩივლა, რომ თავს ცუდად გრძნობს და მას ცუდად მკურნალობენ. მისი თქმით, მას პრაქტიკულად არ შეუძლია საკვების მიღება და ამის გამო 12 კგ დაიკლო. მედიკოსების დახმარება სააკაშვილს სასამართლოს სხდომაზეც დასჭირდა. პენიტენციურ სამსახურში, თავის მხრივ, უარყვეს ინფორმაცია პატიმრის არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების თაობაზე.

„ჩემი რეკომენდაცია იქნება – სახელმწიფომ თავისი ვალდებულება და რეკომენდაციები შეასრულოს და მიაწოდოს პაციენტს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომლის ადმინისტრაციას აქვს დაინტერესება ამ საკითხის გარშემო. ომბუდსმენმა მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ექს-პრეზიდენტის მიმართ.
„სააკაშვილს არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი მდგომარეობა უარესდება. თუ სახელმწიფო არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სიტუაციიდან გამოსავალი

ლომჯარიას თქმით, არსებობს საკითხის გადაჭრის რამდენიმე გზა. მათ შორისაა: სასჯელის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის მოსახდელად მისი გადაცემა სხვა ქვეყნისთვის, ასევე შესაძლებელია შეწყალება.

„ბევრნაირი გზა არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ სამართლებრივი გამოსავალი არ არსებობს. ნებისმიერი ხერხი შეუძლია გამოიყენოს სახელმწიფომ და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს იყო კონსილიუმი შექმნილი და სახელმწიფოს შეუძლია იგივე ჯგუფი გამოიყენოს, ასევე შესაძლებელია ექიმების დამატებაც“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ექიმებისგან მიიღო, ნამდვილად შემაშფოთებელი და კრიტიკულად მძიმეა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფოს მეთაურს სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0