„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ - კომისიის სამუშაო შეხვედრა

© photo: Sputnikბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
გამოწერა
პროგრამის განხორციელების მთავარი მიზანი მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ბათუმის მერიაში „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველი დეველოპერული კომპანიების წინადადებების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია ბათუმის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ მარტში დაამტკიცა. პროგრამის თანახმად, ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 10 ათას ბათუმელს შეეხება.
კომისია, რომელიც აჭარის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა, უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამით დადგენილ პირობებთან პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დეველოპერული წინადადებების შესაბამისობის თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.
ღარიბაშვილი: ბათუმში ავარიული შენობები თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება>>>
დღეის მდგომარეობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ბათუმის მუნიციპალიტეტში მდებარე 120 საცხოვრებელ სახლზე მომზადდა საექსპერტო დასკვნა. ამ დროისათვის მერიას 17 მისამართზე მცხოვრები 217 ოჯახი ქირით ჰყავს გაყვანილი.

„ბათუმის მერიაში შემოსულია დაახლოებით 302 განცხადება, რომელიც ეხება ავარიულ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ ეტაპზე 46 მისამართზე მიმდინარეობს ექსპერტიზა, ხოლო დანარჩენი მისამართების დათვალიერება/შესწავლა ეტაპობრივად ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობა პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად დეველოპერებსა და მშენებელ კომპანიებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას შესთავაზებს.
ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, პრიორიტეტულობის მიხედვით შენობების სამი კატეგორია არსებობს: პირველი – ესაა სახლები, სადაც ცხოვრება უსაფრთხო არაა. ასეთი ოჯახებისთვის ბათუმის მერია ბინებს იჯარით იღებს. ამ ეტაპზე ასეთი დაახლოებით 200 ოჯახია.
მეორე კატეგორიაა შენობები, რომლებიც ექვემდებარება გამაგრებას, თუმცა შენობის გამაგრება არარენტაბელურია, და მესამე – შენობები, რომელთა გამაგრება შეიძლება.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0