საქართველო და თურქეთი საბაჟო ფორმალობების გამარტივებაზე იმუშავებენ

© photo: Sputnik / Stringer„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი
„სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტური მართვა ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბიზნეს-სექტორისთვის გაცილებით მეტი შედეგების მომტანი იქნება, განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოს და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციები მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ, რაც საბაჟო პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
კაკავამ „სარფის“ საბაჟოს თურქეთის მხარეს მდებარე გამშვებ პუნქტზე თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენი საბაჟო ადმინისტრაციების მიზანია ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის საფუძველზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, რაც, თავის მხრივ, საბაჟო ფორმალობებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს. ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო გადაზიდვები შეუფერხებლად განხორციელდეს“, – განუცხადა კაკავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, გაზრდილი ტვირთბრუნვის ეფექტური მართვა ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბიზნეს-სექტორისთვის გაცილებით მეტი შედეგების მომტანი იქნება.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების განსაკუთრებულ წვლილს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში კაკავამ და თურაგაიმ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები დაათვალიერეს და ტვირთების განბაჟების პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2021 წელს დაახლოებით 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15% იყო.
რაც შეეხება 2022 წლის პირველ სამ თვეს, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 562,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0