სააკაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა: ექს-პრეზიდენტმა 12 კილო დაიკლო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
პროცესს თავად მსჯავრდებული სააკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი გამოსვლა უკრაინულ ენაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით დაიწყო. თუმცა, ექს-პრეზიდენტს სიტყვის შეწყვეტა მოუწია, რადგანაც იგი შეუძლოდ გახდა.
„ექიმის დახმარება მჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მანდატურებმა იგი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. პროცესზე შესვენება გამოცხადდა. მსჯავრდებული დარბაზში 15 წუთის შემდეგ დაბრუნდა და გამოსვლა ქართულ ენაზე გააგრძელა.
სააკაშვილის თქმით, იგი ვერ შეძლებდა სხდომის გაგრძელებას, მისთვის ექიმებს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი რომ არ გაეკეთებინათ. ექს-პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ შეუძლია საკვების მიღება, აღენიშნება მუდმივი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

„გორის ჰოსპიტალში მკურნალობა სრული ფარსი იყო, რამდენადაც კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. ახლა იმდენს ვიწონი, რამდენიც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ბოლო დღეებში 12 კილო დავიკელი, პრაქტიკულად არ შემიძლია საჭმლის მიღება. კვირას მთლიანად დავკარგე ფეხების კონტროლი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვეს მისმა უფლებადამცველებმაც. ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რადგანაც, გვარამიას თქმით, საქმე ეხება კონვენციურ დანაშაულს – წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
გვარამიამ მოსამართლეს ახალი შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნული საკითხის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემისკენ მოუწოდა შემდგომი რეაგირებისთვის.
„არის ახალი ეპიზოდი ჯანმრთელობის უფლებაზე უართან დაკავშირებით, რაც არაჰუმანურ მოპყრობასა და წამებას უთანაბრდება. ამიტომაც კომპეტენტურმა ორგანომ უკვე უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება“, – განაცხადა გვარამიამ.
„ნაციონალური მოძრაობა" მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება>>>
სააკაშვილის ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს სასამართლო პროცესზე ექიმების მოსმენა და ციხეში მათი შესვლის უზრუნველყოფა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დააკისრა სააკაშვილის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
„სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობის იმ ნაწილს, რომელიც სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას ავალდებულებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობას, ასევე მოახსენოს სასამართლოს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ“, – განაცხადა ჩახნაშვილმა.
რაც შეეხება ადვოკატების დანარჩენ შუამდგომლობებს, მოსამართლემ ისინი არ დააკმაყოფილა.
ინტრიგა არ გამოვიდა
იყო ვარაუდი, რომ დღევანდელი სასამართლო სხდომის მთავარი ინტრიგა იქნებოდა სააკაშვილის მხრიდან დეტალური და კონკრეტული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების შეცვლის მიზნით მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის მზადებას იწყებს. დეპუტატის თქმით, კონკრეტულად თუ როგორ მოხდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, სააკაშვილი 20 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.
თუმცა, მოლოდინი არ გამართლდა და ექს-პრეზიდენტი მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა. ნურავინ ნუ ელოდება რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას, ყველაფერი ზედაპირზე დევს, განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. შეიძლება იყოს 200 ათასი ადამიანი და არა მორიგი 20-30 ათასიანი აქცია... უბრალოდ ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები, ის, რაც მათ ეკუთვნით, რათა მათ დაუბრუნონ საკუთარი ქვეყანა... ჩვენ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც მანამდე ხაბეიშვილმა განაცხადა, მასობრივი დემონსტრაციების მიზეზი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის შემოდგომაზე ჩატარდა და რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებს.
საქმის დეტალები
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0