„იმედგაცრუებული ვარ“ - პაპუაშვილი ექს-პრეზიდენტზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი პრეზიდენტის მოქმედებას არასერიოზული უწოდა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თანამშრომლობის გამო ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
გასულ კვირაში საპარლამენტო დელეგაცია პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში იმყოფებოდა. დელეგაციაში ცხრა დეპუტატი იყო, მათ შორის ხუთი – ოპოზიციონერი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი უკრაინაში ცალკე გაემგზავრნენ.
„მე, როგორც მოქალაქე, ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ... სამწუხაროდ, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ხვდებიან, ძალიან ადვილად და მალე კარგავენ სახელმწიფოს აღქმას. მალე კარგავენ აღქმას იმისა, თუ რას ნიშნავს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, როდესაც ადამიანს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა უკავია, ეს პასუხისმგებლობა მას არა მხოლოდ პოსტზე ყოფნის დროს აკისრია, არამედ შემდეგაც.
„მიჭირს კომენტარის გაკეთება. ერთადერთი, ვიტყვი, რომ სამწუხაროა და არასერიოზული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
უფრო ადრე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტი ქვეყნის მესამე, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეათანხმა.
ქართული დელეგაცია უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაემგზავრება>>
უკრაინაში მეოთხე პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, დეპუტატები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი და სხვა პოლიტიკოსები.
პაპუაშვილის განცხადებით, ლოგიკურია, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები არ იმყოფებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რადგან სწორედ მათი დიდი წვლილის დამსახურებით ქართულ–უკრაინულ ურთიერთობებში გაუგებრობები გაჩნდა.

„გავერკვიეთ ყველა საკითხში. შევთანხმდით იმაზე, რომ თუ იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ რიგში, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ.

უკრაინის მოვლენების დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამის მიზეზი საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულად გადაყვანაზე უარი იყო.
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყანაში>>
უფრო მეტიც, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და უკრაინისგან ბრალდებების მტკიცებულებები ან უარყოფა მოითხოვა. დაძაბულობის განმუხტვა ორ ქვეყანას შორის პარლამენტის თავმჯდომარეების პირდაპირი კონტაქტისა და ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ მოხერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0