სამთავრობო აგარაკები 47 მილიონ ლარად გაიყიდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. დაბა წყნეთში სტალინის, ფიროსმანისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამთავრობო აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე 47 მლნ ლარად გაიყიდა.
აუქციონზე სამთავრობო აგარაკები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაიტანა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული აუქციონი ორ ეტაპად გამოცხადდა. გასაყიდად გამოტანილი იყო 30 ობიექტი, რომელთა ჯამური საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება 40,7 მლნ ლარს შეადგენდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.
საპრივატიზაციო პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სააგენტო აქტიურად აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს, ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.
ყველა ახალი ამბავი
0