საქართველო კითხვარის შევსებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გაითვალისწინებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის შევსებისას გაითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში მოხვდა არჩევნები, ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სხვა საკითხები. ანგარიშში საქართველოს შესახებ, რომელიც 85 გვერდს მოიცავს, ასევე საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ორ ტურზე (ოქტომბერსა და ნოემბერში).

„ეს დოკუმენტი ჩვენთვის ძალიან კარგი წყაროა არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განვავითაროთ ქვეყანა... ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მთლიანობაში დოკუმენტი ასახავს 2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქვეყნის პროგრესს.
„მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებაშიც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად“, – განაცხადა დეპუტატმა.
თვითშეფასების კითხვარი
ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი საქართველომ 11 აპრილს მიიღო. ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნული განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.
კითხვარის შესავსებად საქართველოს ერთი თვე აქვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 2022 წლის ივნისში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე იგეგმება.
კითხვარში 369 კითხვაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის რომელიმე პარტნიორს მიუღია. მანამდე ევროკავშირში გაწევრიანების მსურველები 2.000-დან 5.000-მდე კითხვაზე სცემდნენ პასუხს.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებები შეაფასა>>>
ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი მანამდე უკრაინამ შეიტანა. ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, „საგანგებო წესით“ განიხილოს საქართველოს განაცხადი და ქვეყნისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით) უფლება მოიპოვეს.
ყველა ახალი ამბავი
0