სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: დაკავებულია კიდევ ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას ქუჩის შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.
პოლიციამ აღნიშნული პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. ამავე ბრალდებით ამ საქმეზე უკვე რამდენიმე პირია დაკავებული.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ცნობით, ბრალდებულები „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრნენ, თუმცა მათ სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ამ დროისათვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულია და პატიმრობაში იმყოფება რვა ადამიანი, კიდევ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის ოთხი მუხლით: „ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“ (109-ე მუხლის მე-3 პუნქტი), „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ“ (117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა“ (376-ე მუხლის მეორე ნაწილი), „ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა“ (236-ე მუხლი).
ყველა ახალი ამბავი
0