ქოლ-ცენტრების საქმე: ეჭვმიტანილია ათობით კომპანია

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი ციხე
რუსთავი ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2022
გამოწერა
აღნიშნული ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა პრემიერმა ღარიბაშვილმა თებერვლის შუა რიცხვებში წამოაყენა.
თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოში გამოვლენილია 46 ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც, სავარაუდოდ, ადგილი აქვს არალეგალურ საქმიანობას, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ტრანსნაციონალური დანაშაულის სქემის გახსნის შესახებ საქართველოს პროკურატურამ პირველად 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა. მაშინ საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის შედეგად შვიდი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში ანალოგიური დანაშაულისთვის კიდევ 11 პირი დააკავეს.

„გამოიკვეთა ქოლ-ცენტრები, რომლებიც შეიძლება არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმ ქოლ-ცენტრებს ამოწმებს, რომლებიც შეიძლება არალეგალურ საქმიანობასთან არიან კავშირში. რა თქმა უნდა, ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა შეჩერებულია და გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, ასევე ხორციელდება საგადასახადო შემოწმებები. გარდა ამისა, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ისე პროკურატურის, შსს-ს და ეროვნული ბანკი წარმომადგენლები.
„სამუშაო ჯგუფის ფორმატში უკვე გამოიკვეთა იმის საჭიროება, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება იმისთვის, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ქოლ-ცენტრების საქმე: სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა>>>
ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თებერვლის შუა რიცხვებში გამოვიდა. მისი თქმით, საჭიროა ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა, რათა შეწყდეს სპეკულაციები.
პრემიერმა ქოლ-ცენტრებთან წინა ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირის შესახებაც გააკეთა განცხადება, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს.
მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ოპოზიციური ტელეარხების – „მთავარისა“ და „ფორმულის“, ასევე პარლამენტის დეპუტატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
ლილუაშვილი მოითხოვს საჯარო ბოდიშს და მიყენებული მორალური ზიანისთვის სიმბოლური კომპენსაციის – 1 ლარის გადახდას. სარჩელი უკავშირდება „მთავარი არხისა“ და „ფორმულის“ ეთერში გასულ სიუჟეტებს ე.წ. ქოლ-ცენტრების უკანონო საქმიანობისა და ფულის გათეთრების სქემების შესახებ, რომელშიც ლილუაშვილი დასახელებული იყო იმ პირთა შორის, რომლებიც დანაშაულებრივ ქოლ-ცენტრებთან არიან კავშირში.
გამოძიების ვერსიით, თაღლითების ჯგუფებმა საქართველოდან დააფუძნეს რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ონლაინ-პლატფორმებით მართავდნენ. მათ ფიქტიური ონლაინ-კომპანიების ბაზაზე შექმნეს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა ოპერატორები ურეკავდნენ უცხოელებს ევროპაში და არწმუნებდნენ, მონაწილეობა მიეღოთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაში. სინამდვილეში კი არანაირი ვაჭრობა არ ტარდებოდა, ხოლო თაღლითები ფულს ისაკუთრებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0