კობახიძე: გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ დიდი ხნის წინ მივიღეთ

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნის საკითხი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაქვეითება, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გადაწყვეტილება დავით ზალკალიანის აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნის შესახებ მიღებულია გაცილებით ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ამის შესახებ ცნობილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის პორტფელი ილია დარჩიაშვილმა ჩაიბარა, რომელსაც მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხი წელი ედგა სათავეში, აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

„ჩემი ინფორმაციით, დავით ზალკალიანთან დაკავშირებით წარდგინება საკმაოდ დიდი ხნის გაკეთებულია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა უფრო ადრე, ვიდრე საჯაროდ გახდა ამის შესახებ ცნობილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე იყო მიღებული და ამას მოჰყვა „მთელი რიგი სპეკულაციები“.
მისი თქმით, ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნის საკითხი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაქვეითება. ეს არის „პრაქტიკულად თანაბარი რანგის და პასუხისმგელობით დატვირთული პოზიცია“, განაცხადა კობახიძემ.

„რა თქმა უნდა, დავით ზალკალიანს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რაც არის არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა“, – განაცხადა კობახიძემ.

დავით ზალკალიანის ბიოგრაფია

ზალკალიანი დაიბადა 1968 წლის 27 თებერვალს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.
კარიერა 1992 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ავსტრიასა და აშშ-ში.
მის დოსიეშია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობები უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში.
შემდეგ ზალკალიანი დაუბრუნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
2012 წელს, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დიპლომატი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ მას მინისტრის სავარძელი ანდეს.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0