იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის საქმეს აღარ განიხილავს

© AFP 2024 / FREDERICK FLORINსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმეზე არანაირი განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველი საქმეების სიიდან ამოიღო საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ციხეში მკურნალობის დროს არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
სააკაშვილის ადვოკატებს ამ საკითხზე თავიანთი ვერსია აქვთ.
ციხეში არაადამიანური მოპყრობის შესახებ სააკაშვილის ადვოკატებმა სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გასული წლის ნოემბერში შეიტანეს და მისი სამოქალაქო კლინიკაში დროებითი ზომის სახით გადაყვანა მოითხოვეს. ამის პასუხად სასამართლომ მხარეებს შესთავაზა 24 ნოემბრამდე წარმოედგინათ არგუმენტები და უზრუნველეყოთ სააკაშვილის უსაფრთხოება, მისთვის წარედგინათ სათანადო სამედიცინო დახმარება. 19 ნოემბერს ექს–პრეზიდენტი მდგომარეობის გაუარესების გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამიტომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი მოიხსნა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილის საქმეზე არანაირი განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რომ სარჩელი განიხილოს.

„ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სახელით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მან თავად მიმართა სტრასბურგის სასამართლოს გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, რომ არ განეხილათ მისი საქმე.
„2021 წლის 7 დეკემბერს წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ. სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციასა და არასწორი ინფორმაციის წარდგენაში დაადანაშაულა.
სააკაშვილმა დაკავების დღისდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ორჯერ გამოაცხადა უვადო შიმშილობა. პირველი 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20.
ყველა ახალი ამბავი
0