ღალატი, წყენა, იმედგაცრუება: როგორ გადავიტანოთ პირადი კრახი

© Pixabay / PublicDomainPictures
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ცნობილი ფსიქოლოგი, იურისტი, ტელე- და რადიოწამყვანი მიხაილ ლაბკოვსკი არაერთი ფსიქოლოგიური ნაშრომისა და ბესტსელერის ავტორია, რომლებიც უზარმაზარი ტირაჟებით იყიდება. ეს იმიტომ, რომ ადამიანები ენდობიან მას, ითვალისწინებენ ფსიქოლოგის რჩევებს, ვინაიდან ისინი ნამდვილად ქმედითია.
ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდს მისი პუბლიკაციიდან, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა „გადახარშოთ“ პირადი კრახი.

ნუ იცხოვრებთ გვერდის ავლით

ადამიანები, პრინციპში, არცთუ განსაკუთრებულად ზრუნავენ საკუთარ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
რატომ? იმიტომ რომ თუ რაიმე უკიდურესად უსიამოვნო ხდება, ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყოთ, აღარ შევეხოთ ამ თემას, თვალი დავხუჭოთ მწვავე ტკივილზე და „გვერდის ავლით“ ვიცხოვროთ. აი, ვთქვათ, მეგობართან სიტყვა „გაყრა“ რომ არ ვახსენოთ, ისე.
ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2022
როგორ უნდა გათხოვდეს ქალი: სტრატეგია და ტაქტიკა მამაკაცთან ურთიერთობაში
მაგრამ ყველა პირადი კრახის პრობლემა ერთია: თუ არაფერს მოუხერხეთ, მასთან ერთად მოგიწევთ ცხოვრების გაგრძელება.
საერთოდ, ჩვენი რეალობა ორად იყოფა: „მანამდე“ და „შემდეგ“. და ეს „შემდეგ“ერთი დიდი და ხმამაღალი კრახია, რომელიც ბათილად აქცევს, ანულებს ყველა წარსულ მცდელობას.
ერთი სერიოზული წარუმატებლობა, დიდი ფინანსური ზარალი და კონსულტაციაზე მეუბნებიან, მივხვდი, რომ ბიზნესი საერთოდ არ არის ჩემი საქმეო. მაგრამ დაფიქრდით, ტანსაცმლის კარადა რომ გადმოყირავდეს და დაგეცეთ, კარადას აღარასდროს შეიძენთ და გამოიყენებთ? ეს ხომ შეუძლებელია!
მოკლედ, რის თქმა მინდა: წარუმატებლობა, ღალატი, გაყრა, წაგება — ეს ისაა, რაზეც მუშაობა შეიძლება კიდეც და საჭიროცაა. ხოლო თუ მათ ღრმად შეტენით კარადაში, დრამატურგიის ყველა კანონის თანახმად, ერთ დღესაც თავზე დაგემხობათ.
როდესაც ჩემთან პირადი კრახის, წარუმატებლობის პრობლემაზე სამუშაოდ მოდიან, როგორც წესი, საქმე უკვე უკიდურესად მძიმედაა ხოლმე. ადამიანი ვერა და ვერ ახერხებს ნორმალურად გასაუბრებას, ენა ებორკება, ნერვიულობს... საბოლოოდ კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასი წლის წინ რომელიღაც ბრიყვმა უფროსმა სახალხოდ დაამცირა.
ანუ ტრავმა იმდენად აუტანელი გახდა, რომ სიმპტომები გაჩნდა, ეს სიმპტომები კი ადამიანს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ თუ ძალიან დიდი შიში, იმედგაცრუება, ტკივილი, წყენა განიცადეთ — ჯობს მაშინვე სპეციალისტთან წახვიდეთ, სანამ კარადა გადმოყირავებულა.
ვიზიტი ფსიქოლოგთან  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
ცნობილი ფსიქოლოგის 10 ძალიან საჭირო რჩევა: აუცილებელია, იცოდეთ!
საქმე ისაა, რომ კრახი მცენარესავით ღრმად უშვებს ფესვებს. მაგალითად, თუ განქორწინების პროცესმა ძალიან მძიმედ, გაცხარებულ ბრძოლაში ჩაიარა და ნერვები დააწყვიტა ადამიანს, მას უკვე თავად განქორწინება კი არ დააფრთხობს მომავალში, არამედ ზოგადად ურთიერთობა. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, თავს დროულად უნდა მიაქციოთ ყურაღება.
და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხართ. სინამდვილეში ცხოვრების შეცვლა 119 წლის ადამიანსაც შეუძლია. საქმე მოტივაციასა და მონდომებაშია.

აუცილებელი ნაბიჯები

თუ „წაიქეცით“, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად წამოდგეთ ფეხზე. ანუ თუ გუშინ ბინა წაგართვეს ვალების გამო, ბინის ქირაობაზე დღესვე დაიწყეთ ზრუნვა.
აღიარეთ, რომ ტიტანისგან არ ხართ ჩამოსხმული, ამიტომ რაღაც ძალიან დიდ უსიამოვნებას შეუძლია სერიოზულად იმოქმედოს თქვენზე. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა შეეცადოთ მომხდარი მაშინვე დაივიწყოთ, შეეცადეთ გააზრებულად გადაიტანოთ ის. იდეალური იქნება, თუ თერაპიაზე წახვალთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი: მიეცით დროს დინების საშუალება. არ შეაჩეროთ საკუთარი ცხოვრება. ნუ მოარგებთ მას მომხდარს. განაგრძეთ ცხოვრებით ტკბობა ისე, როგორც მანამდე. მიირთვით გემრიელი საჭმელი, ურთიერთობა გქონდეთ არა მარტო მათთან, ვისაც ახლა თქვენი მხარდაჭერა შეუძლია, არამედ მათთანაც, ვისაც შეუძლია გაგახალისოთ.
ისეირნეთ ფეხით, იარეთ კინოში, შეიარეთ ტანსაცმლის მაღაზიაში, უყურეთ მოკლე ვიდეოებს YouTube-ზე, აკეთეთ საქმე, დააყენეთ ჩაი... მოკლედ, განაგრძეთ ცხოვრება. იმიტომ რომ წარუმატებელი ქორწინება, დაკარგული ბიზნესი თუ ავარიაში დამტვრეული ავტომობილი არ არის წარსულში დარჩენის მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0