დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა-დანადგარები გადაეცათ

© Ministry of Economy of Georgiaდანადგარი საწარმოში
დანადგარი საწარმოში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
პროგრამის მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი დევნილების თვითდასაქმების/დასაქმების ხელშეწყობა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ 53 დევნილსა და ეკომიგრანტს ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცა, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
უწყების ცნობით, სახელობო იარაღები, მომსახურების სფეროსთვის გათვალისწინებული ინვენტარი, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, სამკერვალო თუ სხვა საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავადვე შეარჩიეს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების თვითდასაქმებას და ამ მიმართულებით არაერთ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.
„პრიორიტეტულია, რომ განსახლების პარალელურად იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო 2020 წლიდან ახორციელებს „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები, ტექნიკა და დანადგარები გადაეცათ>>>
უწყების ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში 500-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.
პროგრამა გათვლილია მოწყვლად დევნილებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65.001–100.001-ს ფარგლებში მერყეობს.
დევნილები მხარდაჭერას გრანტის სახით ორი მიმართულებით იღებენ:
1. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები;
2. თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები.
მხარდაჭერა გულისხმობს ტექნიკა-დანადგარების შეძენას არაუმეტეს 2.500 ლარის ფარგლებში. ამასთან, შესაძლებელია ერთი განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნეს არაუმეტეს სამი ნივთი. თითო ნივთის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 150 ლარი.
მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც საქმიანობის დამწყებთათვის, ასევე უკვე არსებულის გაძლიერების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0