თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები, ტექნიკა და დანადგარები გადასცეს, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და UNHCR-ს შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა ჯამში 110 ათასი ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.
პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
დევნილებს ტექნიკა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ გადასცეს.
ფურლის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო დაცვა 3 ათასამდე ადამიანს მიანიჭა, ვინც ომისა და ძალადობის გამო იძულებული გახდა, დაეტოვებინა შუა აღმოსავლეთი, აფრიკა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ.
„საქართველოს აქვს თავშესაფრის სისტემა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ამ გზით ასრულებს თავის როლს საერთაშორისო პასუხისმგებლობის განაწილებაში ლტოლვილთა დაცვისთვის. ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს უფლება აქვთ იმუშაონ საქართველოში. მათ სურთ იყვნენ თავდაჯერებულები და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე, აგრეთვე თავიანთი წვლილი შეიტანონ მიმღები საზოგადოების ცხოვრებაში“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ.
პროექტის თანახმად, მეწარმე დევნილები იღებენ ვალდებულებას, დაასაქმონ საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირები.