ღარიბაშვილი: საქართველოში საწვავზე ფასი ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
გამოწერა
პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის პროვოკაციებს, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოში საწვავზე ფასი ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ჩვენ არც გაზის და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ საქართველოს რიგ ქალაქებში საწვავზე გაზრდილი ფასები აქციებით გააპროტესტეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინი საქართველოში დაახლოებით 20%-ით გაძვირდა. ქვეყანა მთლიანადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ქართულ ბაზარზე მომენტალურად აისახება.

„მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს შევახსენო, რომ 21 მარტის მონაცემებით, საწვავის ფასების მიხედვით საქართველო მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის ფასით 71-ე ადგილზე იყო. 99 ქვეყანაში საწვავი, ბენზინი გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ გაზის სიიაფით ევროპაში საქართველო აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ან მესამე ადგილზეა.
რატომ იზრდება ფასები საქართველოში? ღარიბაშვილმა მიზეზები დაასახელა>>>
„ევროპაში სამი კვირის წინ 1.000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 3,9 ათასი დოლარი ღირდა, ჩვენთან კი ეს დაახლოებით არის 120 დოლარი 1.000 კუბურ მეტრზე, რასაც მოქალაქეები იხდიან. სხვაობა ძალზე დიდია, კომუნალური გადასახადები მთელ ევროპაში არის გაათმაგებული და რთული ვითარებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ გაზს და არ მოვიპოვებთ ნავთობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ ზოგიერთი პოლიტიკოსის პროვოკაციებს, რომელსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
საქართველოში საწვავზე ფასების მატება გასულ წლის შემოდგომაზე დაიწყო, თუმცა მკვეთრი ნახტომი მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში დაფიქსირდა.
სპეციალისტები ფასების ზრდის ძირითად ფაქტორებად ასახელებენ მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას და ვალუტის გაცვლით კურსს.
ყველა ახალი ამბავი
0