შოთაძე სააკაშვილის საქმეზე: დაცვის მხარის გამარჯვების ნიშანწყალი არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სააკაშვილის დაცვის მხარის გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ არსებობს, განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებით განხილვას იწყებს.
როგორც შოთაძემ განაცხადა, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების ერთ-ერთი ეტაპი და გამარჯვებასა თუ დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია.
„პროცესი გრძელდება. წინ არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი, არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადადის>>>
შოთაძის მტკიცებით, მსჯავრდებული სააკაშვილის ყველა უფლება, მათ შორის, დაცვის უფლებაც დაცულია. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი გაუგებარია.

„საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და დარბევაზე, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების წართმევაზე. საუბარია მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. შესაბამისად, რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ 2021 წლის გაზაფხულზე მიიღო. სარჩელი ეხება სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენებს ორ სისხლის სამართლის საქმეზე.
საუბარია ორ – ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე.
შეწყალების საქმეზე სააკაშვილს საქართველოში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი.
უფრო ადრე სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე ბრალდება ირიბ მტკიცებულებებზეა აგებული და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი – სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეზღუდული უფლებების გამოყენების საზღვრები.
ყველა ახალი ამბავი
0