ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მონეტების ესკიზებზე კონკურსი გამოაცხადა

© National Bank of Georgiaეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები
ეროვნული ბანკის საკოლექციო მონეტები - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
საკონკურსო მასალები საქართველოს ეროვნულ ბანკში მიიღება როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით 2022 წლის 25 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფეების – ბაგრატ მესამისა და ფარნავაზ პირველის თემებზე სერიიდან „საქართველოს მეფეები" საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
5 ლარის ნომინალის მონეტები სხვადასხვა ზომისა და წონის იქნება: ოქროს მონეტა (900 სინჯი) დიამეტრით 25 მილიმეტრი, წონა – 8,5 გრამი, ხოლო ვერცხლის მონეტა (925 სინჯი) – წონა 17 გრამი, დიამეტრი – 34 მილიმეტრი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს.
საკონკურსო მასალები საქართველოს ეროვნულ ბანკში მიიღება როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით 2022 წლის 25 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსანტს შეუძლია წარადგინოს არაუმეტეს სამი ესკიზისა.
დიზაინის ესკიზის შესარჩევი კომიტეტი გამარჯვებულს გამოავლენს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა.
საუკეთესო ესკიზის მფლობელი ფულადი პრიზით – 4 ათასი ლარით დაჯილდოვდება, ერთი მხარის დიზაინისთვის კი – 2 ათასი ლარით.
„საქართველოს მეფეები“ – ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას აგრძელებს>>
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თუ საკუნკურსო პერიოდში არცერთი ესკიზი არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ ჩაითვლება, რომ ის არ შედგა. ხოლო თუ არცერთი წარმოდგენილი ესკიზი არ იქნება დამტკიცებული და არჩეული ობიექტური მიზეზების გამო, კონკურსი ითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით. ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო მიიღებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერიის – „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.
ყველა ახალი ამბავი
0