როგორია ქვეყანაში აივ-ინფიცირების მაჩვენებელი - სტატისტიკა

© Pixabay / DarkoStojanovicსამედიცინო კვლევა
სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2022
გამოწერა
საქართველოში აივ–ინფიცირების შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში, 25 მარტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან აივ–ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, გასული წლის შესაბამის პერიოდში ქვეყანაში 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 25 მარტის მონაცემებით, არვ (ანტირეტროვირუსულ) მკურნალობას იტარებს 5.740 პაციენტი, მათ შორის 40 ბავშვია.
სულ საქართველოს ცენტრში რეგისტრირებულია 9.268 აივ ინფიცირებული პირი, აქედან 6.917 მამაკაცია, ხოლო 2.351 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. აღრიცხვის დაწყებიდან დღემდე შიდსი 4.645 პაციენტს განუვითარდა, 1.956 გარდაიცვალა.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
50,5% (4.683) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 34,6% (3.207) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 12,6% (1.170) - მამაკაცი, დაინფიცირდა ჰომო/ბი–სექსუალური კონტაქტით; 1,2% (115) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0,5% (42) - სისხლის რეციპიენტია; 0,6% (51) - გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში - 3.478 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, სამეგრელოში - 1.230, შემდეგ იმერეთში - 1.110, აჭარაში - 1.069, აფხაზეთში - 540, ქვემო ქართლში - 539, კახეთში - 462, შიდა ქართლში - 356, გურიაში - 198, სამცხე-ჯავახეთში - 129 და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ–ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 51 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.
2022 წელს გარდაიცვალა 19 აივ–ინფიცირებული, აქედან 13 მამაკაცია და 6 ქალი.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
მეცნიერებმა აივ-ინფექციის ახალი, მეტად აგრესიული და გადამდები შტამი აღმოაჩინეს>>
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
ყველა ახალი ამბავი
0