ლევან სილაგავა: მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებაზე იმსჯელებს

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2022
გამოწერა
ქართველი იმპორტიორები ხორბლის ალტერნატიული ქვეყნებიდან – ყაზახეთიდან ან რუმინეთიდან შემოტანაზე მუშაობენ.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოში ხორბლის ერთი თვის მარაგია და ქვეყანაში ფქვილზე დეფიციტის შექმნა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
ხორბლისა და ფქვილის მარაგის საკითხი რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ წამოიჭრა. ეს ქვეყნები საქართველოსთვის ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებლები არიან.

„ხორბალზე გვაქვს ერთი თვის მარაგი და ფქვილზეც დაახლოებით ერთი თვის. ეს არის სტანდარტი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების თემაში ჯდება. ვაკეთებთ იმას, რომ მარაგის პარალელურად შემოდის დაახლოებითი ის რაოდენობა, რაც იხარჯება“, – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისი თქმით, საქართველოში ხორბლის 90 პროცენტი რუსეთიდან შემოდის, რადგან იმპორტიორებისთვის ეს ლოგისტიკის თვალსაზრისით უფრო მომგებიანია. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მოსალოდნელია, რომ რუსეთიდან ხორბლის შემოტანის მხრივ პრობლემები შეიქმნას.
საქართველოში შეიძლება პური გაძვირდეს – ექსპერტი>>
„ჩვენი გამოწვევა არის, გადავერთოთ სხვა ქვეყანაზე და, პრინციპში, გადავერთეთ კიდეც. ყაზახეთი არის ალტერნატივა, ალტერნატივა არის რუმინეთიც. ჩვენ უმტკივნეულოდ გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, რადგან გვაქვს დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე“, – თქვა ლევან სილაგავამ.
მან აღნიშნა, რომ ხორბალი დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში არის გაძვირებული, რადგან მსოფლიოს მოაკლდა ხორბლის მიწოდების 30 პროცენტი და ამან გამოიწვია ფასების სერიოზული რყევები. თუ უკრაინის მოვლენების დაწყებამდე ტონა ხორბლის ფასი 320-330 დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 420 დოლარია.

„ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქცია და მაისამდე, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ფასი. ამის შემდეგ ობიექტურია, რომ ახალი შემოსული ხორბალი და ფქვილი დაეტყობა ბაზარს. ამ შემთხვევაში ეს სცენარი განიხილება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაასუბსიდიროს პურის ფასი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისი ინფორმაციით, პურის ფასის სუბსიდირების საკითხზე მთავრობამ მომავალ კვირაში დაგეგმილ სხდომაზე უნდა იმსჯელოს.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მარცვლეულის მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. მარცვლეულის იმპორტის 70% რუსეთზე მოდის. მისი ღირებულება საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0