საქართველოში შეიძლება პური გაძვირდეს – ექსპერტი

© photo: Sputnik / Stringerპური
პური - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ შეიძინა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში პურის ფასი გაიზრდება, განაცხადა ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტმა ლადო პაპავამ.
პურისა და პურპროდუქტების გაძვირების საკითხმა აქტუალობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ შეიძინა. როგორც ცნობილია, რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი ექსპორტიორია.

„რუსეთი ან აკრძალავს ხორბლის გატანას, ან გაზრდის ფასს. ეს აისახება ყველაზე. თუ აკრძალა გატანა, მიწოდება შემცირდება და ფასები მაინც გაიზრდება. ამიტომ რეალურია ის საფრთხე, რომ პური შეიძლება გაძვირდეს“, – აღნიშნა პაპავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

ექსპერტი არ ამბობს, რომ პური ხვალ ან ზეგ გაძვირდება. მისი თქმით, ეს „საომარი მოქმედებების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული“.
პაპავას ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა იმ პროდუქციის სია, რომელთა გატანაც ქვეყნიდან 2022 წლის ბოლომდე აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში ჯერ არ არის შეტანილი ხორბალი, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი, როგორც სტრატეგიული პროდუქტის ექსპორტი აიკრძალოს.
ექსპერტის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში საუბრობენ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, კერძოდ, ხორბლის იმპორტზე ყაზახეთიდან, რომელიც რუსულ ხორბალზე ძვირია. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში ხორბლის 2-3 თვის მარაგია, რაც ჯერჯერობით ნომერი პირველი პროდუქტის ფასის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში: ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტება>>>
ერთი წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. რუსეთზე იმპორტირებული ხორბლის 70% მოდის. მისი ფასი საქართველოსთვის ყველაზე ხელსაყრელია.

„მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზახეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. წამოვა ყაზახეთი ამაზე?.. ამიტომ შეიძლება უფრო შორეული ბაზრებიდან დაგვჭირდეს შემოტანა, რაც პროდუქტს გააძვირებს“, – აღნიშნა პაპავამ.

ექსპერტის განმარტებით, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. იმპორტი 2,7-ჯერ აღემატება ექსპორტს.
„სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხეთ, განგვევითარებინა ადგილობრივი წარმოება იმ დონემდე, რომ ეს პროპორცია შეცვლილიყო. როდესაც დამოკიდებული ხარ იმპორტზე, გლობალურად ფასების მატება შენზე აუცილებლად აისახება“, – ამბობს პაპავა.
პროდუქციის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პაპავამ უპასუხა, რომ საბაზრო ეკონომიკაში დეფიციტის ცნება არ არსებობს, ხოლო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ბოლო დღეებში დახლების დაცარიელება დაიწყეს, პანიკას უკავშირდება.

„რაზეც მოთხოვნა იზრდება, მასზე ფასიც იზრდება. ანუ ყოველთვის შეგიძლია იყიდო, ოღონდ უფრო ძვირად. მაგრამ ის, რაც მოხდა ბოლო დღეებში საქართველოში – გაჩნდა დეფიციტი, რომელიც სულაც არ არის საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია აჟიოტაჟთან და პანიკასთან", – განაცხადა პაპავამ.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს შაქარს, მარილს, ზეთსა და ბურღულეულს იმის შიშით, რომ აღნიშნული პროდუქტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დეფიციტური გახდება.
დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.
საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციური მასმედია ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში უკვე დაადანაშაულა. პარტიის ლიდერების აზრით, სწორედ ოპოზიციური არხები და პარტიების აქტივისტები თესავენ პანიკას მოსახლეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0