„აწარმოე საქართველოში”: ბიზნეს-იდეების მიღება იწყება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაწარმო
საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2022
გამოწერა
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის 300-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაა შესაძლებელი.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად ბიზნეს-იდეების მიღებას 21 მარტიდან იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, გამონაკლისია აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული და ასევე 2015-2018 წლებში ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიცარები.
პროგრამის თითოეული გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30.000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) – არაუმეტეს 40.000 ლარისა.
მინისტრი: საქართველოში იმპორტჩანაცვლების პროცესი გაძლიერდება>>>
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის მოცულობის მინიმუმ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – სულ მცირე 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის სულ მცირე 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში – მინიმუმ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა განსაზღვროს გარკვეული თანაფარდობით: კაპიტალური დანახარჯები – არანაკლებ 90%-ისა, საბრუნავი საშუალებები – არაუმეტეს 10%-ისა.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის 300-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაა შესაძლებელი.
ბიზნეს-იდეების მიღება გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იგი ასევე ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას.
წყარო: პროგრამა „აწარმოე საქართველოში”
ყველა ახალი ამბავი
0