ვინ ხდება დისკრიმინაციის მსხვერპლი საქართველოში: დანაშაულის სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2022
გამოწერა
საქართველოში დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2021 წელს საქართველოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებით 1703 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „საქსტატის“ მასალებში.
მასალების მიხედვით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის 2021 წელს ბალი წარედგინა 834 პირს, მათი უმრავლესობა 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.
დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებულად ცნეს 895 ადამიანი, საიდანაც 757 ქალი და 136 მამაკაცია.
2021 წელს საქართველოში დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებული სახეობა იყო დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით. 1703 საქმიდან 1394 ამ ტიპის დისკრიმინაციას ეხება.
მეორე ადგილზეა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით. ამ ტიპის დისკრიმინაციის გამო 2021 წელს სულ 69 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მესამე ადგილს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იკავებს - ერთ წელიწადში 58 შემთხვევა.
სისხლის სამართლის საქმეებზე დაფუძნებული დისკრიმინაციის სახეების სიაში მეოთხე ადგილი რასის, კანის ფერის, ენის, მოქალაქეობისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციას იკავებს. საერთო ჯამში, 2021 წელს ამ ტიპის დისკრიმინაციის ნიშნით 53 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მეხუთე ადგილს იკავებს დისკრიმინაცია გენდერული იდენტობის ნიშნით - 48 სისხლის სამართლის საქმე 2021 წელს.
2021 წელს საქართველოში დისკრიმინაციის ნიშნით ორი მკვლელობა, სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანების 25, ხოლო ცემის 220 შემთხვევა დაფიქსირდა.
პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში აფიქსირებდნენ.
წყარო - სტატისტიკის ეროვნული სააგენტო „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0