„აქ შეჩერდა ალექსანდრე“: მეფე, რომელიც მხოლოდ საკუთარ ლაშქართან „დამარცხდა“

© Pixabay / azboomerგამარჯვება
გამარჯვება - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2022
გამოწერა
სამყარო უამრავ პოლიტიკურ თუ სამხედრო ლიდერს იცნობს. მათგან ბევრი მართლაც გამორჩეული და დიდებული გახლდათ, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის ბადალი, შეიძლება ითქვას, დღემდე არ ყოფილა.
ძველი წელთაღრიცხვის 356 წლის 6 ჰეკატომბეონს (31 ივლისი–1 აგვისტოს ღამე) მაკედონიის მეფე ფილიპე მეორესა და დედოფალ ოლიმპიადას შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე კი მაშინდელი სამყაროს სახელგანთქმულმა მისანმა არისტანდრე ტელემისელმა იწინასწარმეტყველა, დედოფალი შობს ვაჟს, რომელსაც ცეცხლის ძალა და ლომის გული ექნებაო.
სხვათა შორის, როდესაც ალექსანდრე დაიბადა, სწორედ იმ დღეს ჰეროსტრატემ ქალაქ ეფესოში ქალღმერთ არტემიდას ტაძარი გადაწვა — სამყაროს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი შედევრი. ერთი ლეგენდით, არტემიდამ თავისი ტაძარი იმიტომ ვერ დაიცვა, რომ იმ დღეს მის მისახედად „არ ეცალა“, რადგან, როგორც ბებიაქალი, ალექსანდრეს დაბადებას ესწრებოდა.
მეფე ფილიპემ მემკვიდრის დაბადების დღეს ერთდროულად სამი გამარჯვების ამბავი შეიტყო: ქალაქ ფოტიდეას აღებისა, ერთგულ სარდალ პარმენიონის მიერ ილიერელების განადგურებისა და ოლიმპიადაზე ეტლოსანთა ჯირითში სამეფო ცხენების გამარჯვებისა. მისნებმა ახსნეს: სამი გამარჯვების ჟამს დაბადებული მეფისწული უძლეველ იქნებაო.
მსოფლიოს მომავალი მპყრობელი ბავშვობიდანვე მეტად ამბიციური იყო. ყმაწვილობაშიც კი სულ თავის დიდებაზე ფიქრობდა. როდესაც მამის მორიგ გამარჯვებას შეიტყობდა, მოწყენილი იტყოდა ხოლმე, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს დასაპყრობსო.

„ჯობს აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე ჰომეროსი და სხვა ვაქო“, — ესეც მაკედონელის სიტყვებია.

ალექსანდრე დიდის ცხოვრება და მოღვაწეობა იმდენად ვრცელი და ამოუწურავი თემაა, რომ მის სრულად გადმოსაცემად მრავალი მონოგრაფიაც არ იქნება საკმარისი. ამიტომ შეგნებულად ავუვლით გვერდს ათასჯერ გადამღერებულ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბატალიებს და მხოლოდ რამდენიმე ძალიან საინტერესო ისტორიას გიამბობთ.
***
ერთხელ თესალიელ ფილონიკეს ფილიპე მაკედონელთან გასაყიდად მიუყვანია კუპრივით შავი ცხენი, სახელად ბუცეფალი („ხარისთავა“). ფილონიკე ცხენში 13 ტალანტს ითხოვდა (ეს დიდი თანხა იყო — 1 ტალანტი 26 კილოგრამ ოქრო-ვერცხლს უდრიდა), მაგრამ ცხენი ნამდვილად ღირდა ამად.
მიუხედავად დიდი მცდელობისა, სახელგანთქმულმა მხედრებმა ვერა და ვერ დაიმორჩილეს ცხენი. და როდესაც ბუცეფალმა მორიგი მხედარიც ჩამოაგდო, განრისხებულმა ფილიპემ პატრონისთვის მისი დაბრუნება ბრძანა. ყმაწვილმა ალექსანდრემ თურმე დანანებით ჩაილაპარაკა, რა ცხენს კარგავენ ეს ლაჩრებიო.
განრისხებულა ფილიპე – რით დაგსაჯო ამ თავხედობისათვის, თუ ვერც შენ შეძლებ მის დამორჩილებასო? ცხენის საფასურს მე გადავიხდიო, ზევსი დაუფიცია ალექსანდრეს.
და მართლაც, ბუცეფალს კი გაუბრძოლია, მაგრამ ბოლოს მაინც დაჰყოლია უფლისწულის მტკიცე ნებას. ფილიპეს გაოცებასა და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონია, შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო, შვილო, მაკედონია შენ ვერ დაგიტევსო.
***
თებეზე ლაშქრობისას მაკედონელის ჯარისკაცები ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონის — ტიმოკლეას სახლში შეიჭრნენ. სანამ ჯარისკაცები მის სახლს არბევდნენ, მათი წინამძღოლი ქალს აწამებდა, უნდოდა ეთქმევინებინა, სად ჰქონდა გადანახული ოქრო-ვერცხლი. ქალმა ის ბაღში გაიყვანა და ჭაზე მიუთითა, იქ ჩავყარეო. ჯარისკაცი დაიხარა და ჭაში ჩაიხედა, ამ დროს კი ქალმა ხელი ჰკრა და შიგ ჩააგდო.
ტიმოკლეა შეიპყრეს და ალექსანდრეს მიჰგვარეს. მაკედონელმა ვინაობა ჰკითხა მას. და ქალმა უშიშრად უპასუხა: მე შენი დაუძინებელი მტერი და შენი მტრის და ვარ, ჩემი ძმა საბერძნეთის თავისუფლებას შეეწირაო.
ალექსანდრეს მოეწონა ქალის პირდაპირობა და ტიმოკლეას გათავისუფლება ბრძანა, პატივისცემას მტერიც იმსახურებს, როცა ის ღირსეულად იქცევაო.
***
ერთხელ მაკედონიისკენ მიმავალ ალექსანდრეს აპოლონის ტაძარში შეუვლია დელფოს მისანთან, პითიასთან, რათა თავისი მომავალი შეეტყო. მიუხედავად იმისა, რომ მაკედონელებს ტაძრისთვის უამრავი საგანძური გადაეცათ, პითიას უარი შეებედა ალექსანდრესთვის, ვერ გიწინასწარმეტყველებო.
მაშინ ალექსანდრემ თურმე მაგრად მოჰკიდა ხელი მისანს და თავისკენ მოქაჩა. შეშინებულმა პითიამ შეჰყვირა: „ყმაწვილო, შენ ვერაფერი დაგიდგება წინ!“
სწორედ ამის გაგონება მინდოდაო, უთქვამს მაკედონელს და ტაძარი დაუტოვებია.
***
სანამ აზიაში ლაშქრობას წამოიწყებდა, მაკედონელმა, რაც კი ხაზინაში თანხა იყო, ყველაფერი მებრძოლებს დაურიგა. ზოგს ვალები გაუსტუმრა, ზოგს უბრალოდ ხელი გაუმართა. მოკლედ, ყველა თანამებრძოლის მიმართ უსაზღვრო ხელგაშლილობა გამოიჩინა.
გაკვირვებულმა პერდიკამ შეჰკადრა კიდეც ალექსანდრეს, მეფეო, ყველას ყველაფერს რომ ურიგებ, შენთვის რას იტოვებო?
— სპარსეთზე გამარჯვების იმედს, — უპასუხა მაკედონელმა.
და მართლაც, ალექსანდრე დიდმა ოჯახებზე ყველანაირი საზრუნავი და სანერვიულო მოუსპო მეომრებს. სიკვდილზე წასულთ უკვე აღარ ედარდებოდათ, რომ ბალკანეთში დატოვებულ ოჯახს რამე გაუჭირდებოდა. ალექსანდრემ უხვი საბოძვრის გაცემით ერთი ათად გააძლიერა არმიის საბრძოლო სულისკვეთება.
***
კილიკიაში ლაშქრობისას ალექსანდრე მაკედონელი ავად გახდა. მას ერთგული ექიმი ფილიპე აქარნანიელი მკურნალობდა. ერთ დღეს ალექსანდრემ პარმენიონის წერილი მიიღო – შენი ექიმი დარიოსის მოსყიდულია, წამლით სავსე ფიალაში შხამის გარევას და მოკვლას გიპირებსო. ალექსანდრემ წერილი წაიკითხა და შეინახა. დანიშნულ დროს ფილიპე წამლით სავსე ფიალით ხელში ავადმყოფთან შევიდა. ალექსანდრემ პარმენიონის მიერ გამოგზავნილი წერილი გადასცა, თვითონ კი წამლით სავსე ფიალა ჩამოართვა და სულმოუთქმელად შესვა. მაკედონიის მეფემ გაკვირვებულ ექიმს მშვიდად მიუგო: „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მეგობრის ღალატი დავიჯერო“. ამის შემდეგ ალექსანდრემ კიდევ 9 წელი იცოცხლა.
***
ჩვ.წ.აღ.-მდე 333 წლის ნოემბერში ალექსანდრემ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა ისოსთან, სადაც სპერსეთის მეფე დარიოს კოდომანის თითქმის ხუთჯერ აღმატებული ლაშქარი დაამარცხა.
აურაცხელი ალაფის გარდა, ალექსანდრეს დარჩა დარიოსის ცოლიც, ასულიცა და დედაც, რომელთაც არასდროს შეხებია ცუდად, ღირსება და პატივი არ აუყრია. პირიქით, მეფურ პატივში ამყოფებდა. ამას განსაკუთრებულად აღნიშნავს მისი თითქმის ყველა მემატიანე.
თავად ალექსანდრეც წერდა გენერალ პარმენიონს:

„ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ დარიოსის ცოლი შიშველი მენახოს, ან მისი ხილვა მენატრებოდეს. ის კი არა, უფლებაც არ მიმიცია ვინმესთვის, რომ მის ტანკენარობაზე ესაუბრა ჩემთან“.

უფრო მეტიც, როდესაც ალექსანდრემ შეიტყო, რომ მისმა მებრძოლებმა დატყვევებულ დიდებულთა ცოლებს ნამუსი ახადეს, პარმენიონს მათი სიკვდილით დასჯა უბრძანა.
***
ისოსთან განცდილი მარცხის შემდეგ ბაბილონში გაქცეულ დარიოს III კოდომანს, როგორც იქნა, „გაახსენდა“, რომ მისი ცოლ-შვილი ალექსანდრესთან იყო და მათ გამოხსნაზე დაიწყო ფიქრი.
მან წერილი გაუგზავნა მაკედონელს, სადაც ოჯახის წევრთა გათავისუფლების სანაცვლოდ 1000 ტალანტს სთავაზობდა. ასევე ჰპირდებოდა ევფრატისა და ჰალისის დასავლეთით მდებარე ქვეყნების გადაცემას, დამოყვრებასა და სამუდამოდ მეგობრობას.
ალექსანდრემ თათბირი მოიწვია და წერილი წაუკითხა სარდლებს. პირველმა აზრი პარმენიონმა გამოთქვა, მე რომ ალექსანდრე ვიყო, ამ პირობებს მივიღებდიო.
— მეც მივიღებდი, პარმენიონი რომ ვიყო, — უპასუხა ალექსანდრემ და ლაშქრობის გაგრძელება ბრძანა.
***
მაკედონელის ლაშქარმა თარას უდაბნოში ისე იარა ათობით კილომეტრი, რომ წყლის ნასახსაც ვერსად წააწყდა. ბოლოს საიდანღაც მოიძიეს მაცოცხლებელი სითხე, იმდენი, რომ მუზარადი ძლივს შეავსეს, და მეფეს მიართვეს.
მთელი ლაშქარი ხარბად შესცქეროდა წყალს. ალექსანდრემ მუზარადი ამოატრიალა და წყალი მიწაზე დაღვარა: მე რომ ეს დავლიო, ჩემი მეომრები სულით დაეცემიანო, თქვა. ბუნებრივია, მეფე, რომელიც ასეთ მაგალითს უჩვენებდა საკუთარ ხალხს, უთუოდ გახდებოდა ლეგენდების გმირი.
***
ალექსანდრე ავღანეთიდან ჩრდილოეთ ინდოეთში შეიჭრა, სასტიკად დაამარცხა მისი მეფე და განგის ხეობისკენ წასვლა მოისურვა. მაგრამ ბრძოლებითა და ხანგრძლივი ლაშქრობებით გამოფიტულ, უჩვეულო კლიმატით გაწამებულ არმიას უკვე აღარ შეეძლო სიარული.
რაღაც მსგავსი მანამდეც არაერთხელ მომხდარა და ალექსანდრემ ყოველთვის იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მაგრამ ამჯერად მებრძოლებს მართლაც საბოლოოდ ამოწურვოდათ ძალაცა და მოთმინებაც — არმია მტკიცე უარს ამბობდა ლაშქრობის გაგრძელებაზე.
და მაშინ მაკედონელმა იძულებით გასცა გაჩერების ბრძანება. ჯარი ზეიმობდა.

„ბევრი მეომარი ტიროდა, ბევრიც სამეფო კარავთან მიდიოდა და აურაცხელ მადლობას სწირავდა ალექსანდრეს იმისთვის, რომ მხოლოდ მათთან მარცხს დათანხმდა“, — წერს მემატიანე.

გადმოცემის თანახმად, მაკედონელმა იმ ადგილზე, სადაც ლაშქრობა დაასრულა, 12 სამსხვერპლო დაადგმევინა ბრინჯაოს სვეტის გარშემო, რომელსაც ეწერა: „აქ შეჩერდა ალექსანდრე“.
მაკედონელმა უხვად დაასაჩუქრა მეომრები და მათი დიდი ნაწილი სამშობლოში დააბრუნა. თავად კი თავისი გიგანტური იმპერიის დედაქალაქ ბაბილონში წავიდა. მეფეს სიცოცხლის ორ წელზე ნაკლებიღა ჰქონდა დარჩენილი.
ყველა ახალი ამბავი
0