ექსპერტი: როდის გაიზრდება ფასები უძრავ ქონებაზე საქართველოში
16:38 16.03.2022 (განახლებულია: 21:12 16.03.2022)
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
დედაქალაქში მკვეთრად გაიზარდა უცხოელების მხრიდან საცხოვრებელი ფართის დაქირავების მოთხოვნა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. უახლოეს სამ–ხუთ თვეში საქართველოში უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 50%-ით მოიმატებს, განაცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ოთო აბესაძემ.
ეკონომისტის ინფორმაციით, დღეს 1 კვ.მ უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 800 დოლარია, ხოლო უახლოეს პერიოდში ის 1,3 ათასამდე მოიმატებს.
„დღეს თუ შესაძლებელია 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების (ბინა და ა.შ.) შეძენა საშუალოდ 800 დოლარად, ეს თანხა სასაცილოდ მოგეჩვენებათ... გულწრფელად გირჩევთ, რაც შეიძლება მალე მოახდინეთ ინვესტირება მიმდინარე მშენებლობებში (კომპანიების რეპუტაციის და ფინანსური მდგრადობის გათვალისწინებით) და დროულად შეიძინეთ უძრავი ქონება“, – დაწერა აბესაძემ თავის Facebook-გვერდზე.
ექსპერტმა დაასახელა რვა მიზეზი, რაც უძრავი ქონების ღირებულებაზე იმოქმედებს. მათ შორისაა მაღალი ინფლაცია და უცხოელების მხრიდან უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა.
ფასების ზრდის მიზეზები:
ერთი ტონა არმატურის ფასი გადასცდა 1.100 დოლარს (პანდემიამდე ღირდა საშუალოდ 600-700 დოლარი) და ფასები კვლავ მოიმატებს 30%-ით.
არმატურის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა იყო უკრაინა, სადაც წარმოება არის შეჩერებული.
300%-ით გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არარეზიდენტი პირებისგან (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ.).
50%-ით გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელთა ხელფასი.
40%-ით გაიზარდა ბეტონის ფასი (დამზადება, ტრანსპორტირება).
30%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალის ფასი (ბლოკი, აგური, ცემენტი და ა.შ.)
30%-ით გაიზარდა სარემონტო მასალის ფასი.
ინფლაცია.
მაღალი ინფლაცია დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის თებერვალი 2021 წლის თებერვალთან შედარებით) ქვეყანაში 13,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი – 3%.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს. ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, ოპოზიცია ირწმუნება, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად შემოდიან. მათი თქმით, ეს ცუდ შედეგებს გამოიწვევს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს.
ამავე დროს, თბილისში მკვეთრად გაიზარდა ბინის დაქირავების მოთხოვნა უცხოელების მხრიდან. ბოლო კვირაში ქირის თანხა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.