მეტროში შშმ მოზარდის ცემა: დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში რჩებიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ერთ-ერთმა პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი ახალგაზრდას. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პოლიციელები სამართალდამცველებმა 25 იანვარს დააკავეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა.
დაკავებულების ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. პროცესზე პატრულ-ინსპექტორმა კახა ბაკაშვილმა ბრალი აღიარა, ამის მიუხედავად სამართლომ არ დააკმაყოფილა ბაკაშვილის ადვოკატის ლაშა სტურუას შუამდგომლობა მისი 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. მეორე ბრალდებულის ნუკრი ბაქრაძის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით კვლავ პატიმრობა მოითხოვა. პროკურორ ლევან ქუთათელაძის განცხადებით, აღნიშნული პირების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ბრალი აღიარა, არ ნიშნავს, რომ მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე აღარ არსებობს.
სალომე ზურაბიშვილი: უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები...>>>
პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მის თანმხლებ პატრულ-ინსპექტორ კახაბერ ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი).
გამოძიების ინფორმაციით, ბაქრაძემ რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვანს და შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე პოლიციელმა, რომელიც შეესწრო მომხდარს, არ აღკვეთა ძალადობა და არ აცნობა მომხდარის შესახებ შესაბამის ორგანოებს, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
როგორც ადრე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, მომხდარს შეესწრნენ მოზარდის ძმა და მეგობრები. ერთ-ერთმა მომხდარის ვიდეოჩანაწერი გააკეთა და გამოაქვეყნა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაქტის გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0