შეძლებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნას – გვენეტაძის პასუხი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსწრაფი გადახდის აპარატი
სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
სანქციების დაწესებისას მკაფიოდ არის განსაზღვრული იმ პირებისა და ორგანიზაციების სია, რომლებიც სანქციების ქვეშ ექცევიან, აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თუ ფიზიკური პირები ან ორგანიზაციები არ შედიან სანქციების სიაში, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ კომერციულ ბანკებს აქვთ უფლება, რუსეთის მოქალაქეებს ანგარიში გაუხსნან, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
უკრაინის მოვლენების დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები დააწესეს, პირველ რიგში ეს საბანკო სექტორს შეეხო.

„რაც შეეხება იმ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, რომლებიც არ არიან მითითებული ამ სანქცირებულების სიაში, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ და შეუძლიათ, რომ მათ გაუხსნან ანგარიშები“, – განაცხადა გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

მისი თქმით, სანქციების დაწესებისას ზუსტად არის განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირების, ორგანიზაციების სია. მათ შემთხვევაში ქართული და უცხოური საფინანსო ორგანიზაციები შეზღუდული იქნებიან და სანქციების სიაში მოხვედრილ პირებს ვერ მოემსახურებიან.
„ამავე დროს კომერციული ბანკები აკეთებენ რისკების შეფასებას, ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას ანგარიშების გახსნის შესახებ. ამ შემთხვევაში ბანკისთვის ამოსავალი არის ის, რომ პირი არ იყოს მითითებული სანქცირებულთა სიაში და დანარჩენი უკვე სტანდარტული პროცედურის მიხედვით ხდება, ისევე, როგორც ხდებოდა კონფლიქტამდე“, – განმარტა გვენეტაძემ.
შეძლებენ თუ არა მიგრანტები რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმოგზავნას? გვენეტაძის პასუხი>>
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ამჟამად სანქციები ეხება 862 ადამიანს და 53 ორგანიზაციას. საუბარია რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე, გავლენიან პოლიტიკოსებზე, ბიზნესმენებზე, სამხედროებსა და ბანკირებზე.
ყველა ახალი ამბავი
0