დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება და I ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

I ეტაპი გაგრძელდება 2022 წლის 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2022 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდი.

სამინისტროს ინფორმაციით, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
II ეტაპი – სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
II ეტაპი 2 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
III ეტაპი – ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში თუ დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
III ეტაპი 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
IV ეტაპი 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყველა ახალი ამბავი
0