ერთადერთი ქართველი საზღვაო ოფიცერი, რომელმაც წყალქვეშა ხომალდით დედამიწას შემოუარა

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეკონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი
კონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების პირველმა სარდალმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1972 წელს საბჭოთა წყალქვეშა ხომალდით, ბალისტიკურ-სარაკეტო წყალქვეშა ატომური კრეისერით დედამიწას შემოუარა.

გრიფით „საიდუმლო“ ოპერაცია 1972 წლის 17 იანვარს დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდა. გასაგები მიზეზების გამო იმ პერიოდში მასზე საუბარი აკრძალული იყო. ამ ოპერაციიდან 45 წელი გავიდა. ბატონი ალექსანდრე 1990-იანი წლების დასასრულს საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლების თხოვნით საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების შექმნა დაიწყო. თუმცა მის მიერ დაწყებული საქმე არ გაგრძელდა. სამხედრო-საზღვაო ძალები ყოველთვის „გერის“ მდგომარეობაში იყო შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 2009 წელს ის საერთოდ ჩამოაშორეს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცეს. ბატონი ალექსანდრე განვლილ ცხოვრებაზე თავად გვესაუბრება.

© პირადი არქივიკონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი
კონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
კონტრადმირალი, გორგასლის მესამე ხარისხის ორდენოსანი ალექსანდრე ჯავახიშვილი

 

– ჩემი ბავშვობა ომიანობის პერიოდს დაემთხვა. ამ პერიოდში თბილისი გადატვირთული იყო დაჭრილი მეომრებით, ბევრნი იყვნენ შავი ზღვის ფლოტის მეზღვაურები. ქალაქის სპორტკომიტეტმა ამ დროს ძალიან კარგი საქმე წამოიწყო და 1946 წელს გაიხსნა 35-ე საფეხბურთო სკოლა. საბჭოთა კავშირში ეს პირველი და ერთადერთი სკოლა იყო ფეხბურთის განხრით. მთავარი მწვრთნელი იყო ჩვენი განთქმული ფეხბურთელი გაიოზ ჯეჯელავა. ეს იყო როგორც სპორტული, ისე საჯარო სკოლა. ჩვენ „დინამოს“ სტადიონთან ვცხოვრობდით და მეც უამრავ დროს ვატარებდი სტადიონზე. იყო ასეთი მწვრთნელი, გვარად გალპერინი, ასაკოვანი კაცი, რომელიც აგროვებდა ბავშვებს, მიჰყავდა ერთ-ერთ სტადიონზე და იქ ავარჯიშებდა. ჩემი თაობის ბავშვები ამ კაცმა სრულიად უსასყიდლოდ აღზარდა. ყველანი იქ ვტრიალებდით, გვასწავლიდა წესებს, ილეთებს. როცა 35-ე სკოლაში მივედი, იქ სამანდატო კომისია იყო და მალევე მიმიღეს, უკვე მომზადებული ვიყავი. ამ სკოლამ ძალიან დიდი და დადებითი როლი ითამაშა ჩემი ცხვრების მომდევნო ეტაპებში. დილის 8 საათზე მთელი სკოლა ვიწყებდით ვარჯიშს. წვიმა იყო, ქარი თუ ყინვა, ჩვენთვის სულ ერთი იყო. შოთა მერკვილაძე იყო ფიზკულტურის მასწავლებელი, ყოფილი მაიორი. ძალიან დიდ დროს ხარჯავდა ჩვენ მომზადებაში, აღმზრდელობით საკითხებში. არაჩვეულებრივი შედეგები ჰქონდა ამ სკოლას. აქ გაიზარდნენ წარმატებული ფეხბურთელები მიშა მესხი, შოთა იამანიძე, ზაურ კალოევი და სხვები. ზაფხულის პერიოდში მივდიოდით ბაკურიანში. საოცარ რეჟიმში გვიწევდა ყოფნა და ვარჯიში. ჩვენი კლასიდან ორნი დავრჩით, სწორედ გუშინ ვიხსენებდით, ბაკურიანში დილით დავრბოდით ტყეში 40 წუთი, შემდეგ ჩანჩქერში უნდა გავსულიყავით ყველა. ისეთი ცივი წყალი იყო, რომ ერთბაშად ერთ ჭიქა წყალსაც ვერ დალევდი. სპორტულმა რეჟიმმა დიდი გავლენა იქონია ჩვენზე, ვიყავით საოცრად ჯანმრთელები და გაკაჟებულები. ეს ძალიან გამომადგა შემდეგში, როცა ბაქოში წავედი უმაღლესი სამხედრო–საზღვაო განათლების მისაღებად. ეს სასწავლებელი განთქმული იყო მთელ საბჭოთა კავშირში. როცა დავამთავრე სასწავლებელი, იმის მერე 38 წელი ვიმსახურე საბჭოთა სამხედრო–საზღვაო ფლოტში წყალს ზევით ხომალდებზე და სტრატეგიულ ატომურ წყალქვეშა ნავებზე. მაქვს საზღვაო სასწავლებლების ოთხი სამხედრო დიპლომი. ორი დიპლომი არის წყალქვეშა ნავებთან, ორი დიპლომი კი წყალს ზემოთა ნავებთან დაკავშირებული. ერთი სიტყვით, სამხედრო–საზღვაო განათლებით უნივერსალიზმი გამოვიდა ჩემში. ჩემთვის სულ ერთია წყალს ზემოთ და წყალს ქვემოთ კანონები. ჩემ სახლში ინახება მოდელი იმ წყალქვეშა ნავის, რომლითაც საიდუმლო დავალება შევასრულე წყალქვეშ.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეწყალქვეშა ხომალდის მაკეტი, რომელზეც მსახურობდა ალექსანდრე ჯავახიშვილი
წყალქვეშა ხომალდის მაკეტი, რომელზეც მსახურობდა ალექსანდრე ჯავახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
წყალქვეშა ხომალდის მაკეტი, რომელზეც მსახურობდა ალექსანდრე ჯავახიშვილი

– რომელ წელს დაიწყო ეს ლაშქრობა?

– ეს დაიწყო 1972 წლის 17 იანვარს. ოფიციალურად დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის შექმნის 50 წელთან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო საიდუმლო დავალება და არსებობდა დახურული საკითხები. სინამდვილეში რა მისიას ვასრულებდით, ამაზე არავინ არ საუბრობდა. ძალიან დიდი იყო დაინტერესება და ყურადღება ოკეანეში ამ წყალქვეშა ლაშქრობის მიმართ.

– ვისგან მიიღეთ წყალქვეშა ნავით დედამიწის გარშემო ცურვის დავალება?

– 1969 წელს იმ პერიოდის საიდუმლო სასწავლო ცენტრში დაიწყო ერთი წლის მანძილზე ჩემი ეკიპაჟის მომზადება ამ პროექტის სასწავლებლად. ეს იყო ახალი და ამავე დროს ძალიან რთული პროექტი. იყო უამრავი ავტომატიზებული სისტემა. პარალელურად ქარხანაში მიდიოდა ამ ხომალდის მშენებლობა. ანუ მზადდებოდა ეკიპაჟი, მთავრდებოდა ხომალდის მშენებლობა. როცა ამ სასწავლო ცენტრში ვიყავით, პერიოდულად მივდიოდით მოსკოვში. ერთ დღესაც გამომიძახა უფროსმა და მითხრა, ხვალ 14:00 საათზე უნდა იყო სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარსარდალთან, ადმირალ გორშკოვთანო. გამიკვირდა, მე რა შუაში ვიყავი, რა საქმე უნდა ჰქონოდა ჩემთან. ბრძანებაა მოსულიო, მითხრა უფროსმა და იქ უნდა იყო ამ დროსო. კარგად გაარკვიეთ–მეთქი, ვუთხარი. შტაბის უფროსს დავურეკეთ, არაფერი არ ვიციო, გვითხრა. მეორე დღეს, რა თქმა უნდა, გამოვცხადდი უმაღლეს საზღვაო მთავარსარდალთან. როცა კაბინეტში შევედი, კუთხეში დავინახე დიდი გლობუსი. მოვახსენე, რომ, აი, გამოვცხადდი. მან მიმიყვანა გლობუსთან, გლობუსზე ხელით გააკეთა წრე და მითხრა, თქვენ ამას გააკეთებთო. ჩვენთვის უკვე გასაგები იყო, რას ნიშნავდა ეს და რა უნდა გაგვეკეთებინა. გაგვაფრთხილა, რომ ამაზე ლაპარაკი კატეგორიულად აკრძალული გვქონდა. მივხვდი, რომ წინ რთული ამოცანის შესრულება მელოდა. ვატყობდი, რომ ყურადღება ჩემი ეკიპაჟის მიმართ იყო ძალიან დიდი. როცა დამთავრდა ხომალდის მშენებლობა, იმდროინდელი სამხედრო საზღვაო დროშა მე აღვმართე. ფლოტში არის ტრადიცია – როცა ქარხნიდან ხომალდი გამოდის, პირველად დროშას სწევს მეთაური.

ამის შემდეგ ცხოვრება მიდის ისე, როგორც მიღებული იყო. ამ დროს ვმსახურობდი ჩრდილოეთის ფლოტში. თავიდან იყო საუბარი, რომ არქტიკის ყინულების ქვეშ გამევლო და გადავსულიყავი მეორე მხარეს, წყნარ ოკეანეში. მე ჩემი აზრი გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან რისკიანი იქნებოდა.

© პირადი არქივიალექსანდრე ჯავახიშვილი ეკიპაჟის წევრებთან ერთად
ალექსანდრე ჯავახიშვილი ეკიპაჟის წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
ალექსანდრე ჯავახიშვილი ეკიპაჟის წევრებთან ერთად

– რატომ იყო დიდი რისკი? სინამდვილეში რა მისია გქონდათ დაკისრებული?

– ხომალდი იყო დატვირთული ბირთვული იარაღით. მას 16 ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა. ეს სახუმარო არ არის. ამით ყინულების ქვეშ სვლა უდიდესი რისკი იქნებოდა, იქ რომ რამე ავარიული მომხდარიყო, ვერავინ ვერც გვიშველიდა და ვერც გაერკვეოდნენ სინამდვილეში რა და რატომ მოხდა. ამის მერე შეიცვალა ჩვენი ცურვის მიმართულება.

– მარშრუტი სად უნდა დაწყებულიყო და სად უნდა დასრულებულიყო?

– ამის შემდეგ მოვიდა გეგმა მოსკოვიდან. ჩრდილოეთის ფლოტიდან გამოვიდოდი, ატლანტის ოკეანე მთლიანად ჩრდილოეთიდან სამხრეთით უნდა გამევლო. სამხრეთ ამერიკის დრეიკის სრუტის გავლით გავსულიყავი წყნარ ოკეანეში და იქიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ბერინგის ზღვამდე და ყინულებამდე გვევლო. ამ დროს ცივი ომია. იყო დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის. ვიყავით ომის მზადყოფნაში. დიდი ყურადღება ექცეოდა თავდაცვას, ახალი სისტემების შექმნას ავიაციაში, არტილერიაში და ა.შ. ასეთი პროექტების შექმნას. წყალქვეშა ხომალდი 16 ბალისტიკური რაკეტით პირველად ამერიკამ გააკეთა სამორიგეოდ ბარენცის ზღვაში. ამ ხომალდების პროექტს ერქვა „ჯორჯ ვაშინგტონი“, ამერიკის პირველი პრეზიდენტის სახელი. ძალიან სწრაფად საბჭოთა კავშირმაც შექმნა ეს პროექტი.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეალექსანდრე ჯავახიშვილის "მოგონებების კუთხე" წყნარი ოკეანის ფლოტზე
ალექსანდრე ჯავახიშვილის მოგონებების კუთხე წყნარი ოკეანის ფლოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
ალექსანდრე ჯავახიშვილის "მოგონებების კუთხე" წყნარი ოკეანის ფლოტზე

– ალბათ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო მისია იყო.

– ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისგებლობა იყო. სულ უნდა ყოფილიყავი მზადყოფნაში. თუ იქნებოდა ბრძანება, უნდა დაგეწყო ომი ბირთვული იარაღით. წარმოგიდგენიათ 16 ბალისტიკური რაკეტა ბირთვული ქობინებით? ჩერნობილი მონაგონი იქნებოდა, განადგურდებოდა მილიონობით ადამიანი. საბედნიეროდ, ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა, არ მივედით ომამდე. იყო რისკიანი სიტუაციები. ამ 75 დღის განმავლობაში, რაც ჩვენ წყალქვეშ გავატარეთ, ხომალდს ამერიკის შესაბამისი საშუალებები აკონტროლებდნენ.

– თქვენი ეკიპაჟი რამდენი კაცისგან შედგებოდა?

– 150 კაცი მყავდა. ჩემმა ეკიპაჟმა ყველაფერი გააკეთა ისე, როგორც საჭირო იყო და ეს ლაშქრობა მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ ჩრდილოეთიდან დავბრუნდით კამჩატკაზე. მოგვიწყვეს დახვედრა. ჩვენ დავრჩით კამჩატკაზე და გავაგრძელეთ სამსახური.

მე მწყობრში დავბრუნდი კამჩატკაზე, ეკიპაჟის თითოეული წევრი ჯანმრთელი და საღსალამათი დაუბრუნდა ხმელეთს. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა სწორედ 35-ე სკოლაში მიღებული გამოცდილება. რთულია, როცა ადამიანი 4 საათის განმავლობაში ზიხარ უმოძრაოდ, გაუნძრევლად, ამ დროს მოძრაობს მხოლოდ თვალები და ფიზიკური მოქმედება არ არის, ორგანიზმი სუსტდება. მე ძალიან ბევრი საკითხი შევცვალე, ვისაც ასე მჯდომარე სამსახური ევალებოდა, მათ სპეციალური ვარჯიშები ვასწავლე, რათა ჯდომის დროსაც შესძლებოდათ ვარჯიში და კუნთები არ დასუსტებულიყო. ამას ოფიცრები თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებდნენ, შემდეგ, როცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ყველაფერი დადებითი და სასარგებლოა, მათაც მოიწონეს. წყალქვეშ ამდენი ხნით ყოფნა არც ისე მარტივია. გვქონდა ყველანაირი პირობა, მაგრამ ადამიანი მაინც ადამიანია, სჭირდება სუფთა ჰაერი, უნდა დაინახოს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ხმელეთი და ა.შ.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეალექსანდრე ჯავახიშვილის "მოგონებების კუთხე" წყნარი ოკეანის ფლოტზე
ალექსანდრე ჯავახიშვილის მოგონებების კუთხე წყნარი ოკეანის ფლოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
ალექსანდრე ჯავახიშვილის "მოგონებების კუთხე" წყნარი ოკეანის ფლოტზე

– ამ ლაშქრობამ რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში?

– ფლოტში მნიშვნელოვანია რა ამოცანები აქვს ოფიცერს შესრულებული ზღვაში. არიან მეზღვაური ოფიცრები, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება გაატარეს კაბინეტებში. იზრდებიან წოდებებში, თანამდებობებში, მაგრამ ეს ხდება კაბინეტებში, ზღვაში არ გადიან. მათ უყვართ, რომ ზღვას უყურონ ნაპირიდან. საბჭოთა კავშირის დროს საკადრო სისტემის მიმართ მიდგომა ძალიან სერიოზული იყო. იქ ასეთი პრინციპი იყო – ჯერ გასწავლიდნენ, იღებდი განათლებას, გამოცდილებას და ამის მერე გნიშნავდნენ თანამდებობაზე. საუბედუროდ, საქართველოში ასე არ ხდება.

როცა დამთავრდა ჩვენი ლაშქრობა, ერთი–ორი წლის შემდეგ დამნიშნეს შორეულ აღმოსავლეთში ბრიგადაში შტაბის უფროსად. ამის მერე ერთი წლის შემდეგ ბრიგადის მეთაურად გადამიყვანეს. ვიყავი პირდაპირ დაქვემდებარებაში ფლოტის სარდალთან. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ახალი პროექტების, წყალქვეშა ხომალდების გამოცდა. ეს საკმაოდ რთული იყო. ამ დროს საჭიროა დიდი საზღვაო გამოცდილება. ეს ყველაფერი მე მქონდა და ამიტომ დამნიშნეს ბრიგადის მეთაურად, შემდეგ სარდლის მოადგილედ. სარდლის მოადგილის თანამდებობიდან მე წამოვედი და დავბრუნდი საქართველოში. ყველა ელოდებოდა, რომ გმირის სახელის წოდებაზე ვიქნებოდი წარდგენილი, მაგრამ ეს არ მოხდა. ხშირად მეუბნებოდნენ ოფიცრები, შენ რომ რუსული გვარი გქონოდა, ყველაფერი გექნებოდაო. შეიძლება ასეც ყოფილიყო.

ვინაიდან აკრძალული მქონდა ამ თემაზე ლაპარაკი, თბილისში არავინ იცოდა, რომ ატომური წყალქვეშა ხომალდის მეთაური ვიყავი. უცხო ხალხთან საერთოდ გვეკრძალებოდა ურთიერთობა. ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ, რომ წყალქვეშ დავცურავდი. იცოდნენ, რომ სამხედრო მეზღვაური ვიყავი და ვცურავდი ზღვაში. დედაჩემმა გაზეთიდან გაიგო, რომ ატომური წყალქვეშა ხომალდის მეთაური ვიყავი. გადაირივნენ, დედა მთხოვდა წამოვსულიყავი ამ სამსახურიდან.

© photo: Sputnik / მერი ბლიაძეალექსანდრე ჯავახიშვილის ჯილდოები
ალექსანდრე ჯავახიშვილის ჯილდოები - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
ალექსანდრე ჯავახიშვილის ჯილდოები

– რამდენი წლის იყავით, როცა ეს დავალება მიიღეთ?

– მეთაური როცა გავხდი, ვიყავი 36 წლის. მთელ ჩრდილოეთის ფლოტში ყველაზე ახალგაზრდა მეთაური მე ვიყავი. 14 წელი ვიმსახურე ჩრდილოეთის ფლოტში, იქ გავხდი პირველი თაობის ატომური წყალქვეშა ნავის მეთაური. ხომალდს სამი ბალისტიკური რაკეტა ჰქონდა. მერე გადამიყვანა უმაღლესმა მთავარსარდალმა მეთაურად ხომალდზე 16 ბალისტიკური რაკეტით. ვინც მსგავს პროექტებს ხელმძღვანელობდა, იმ მეთაურებს შორის მე ერთადერთი ქართველი მეთაური ვიყავი და ყველაფერს საქართველოს სახელით ვაკეთებდი.

ბატონი ალექსანდრეს ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. სამწუხაროდ, ჩვენ საათები არ გვეყოფა მოგიყვეთ ყველაფერი ის, რაც მას ცხოვრების გზაზე გადახდა თავს. ბატონმა ალექსანდრემ გადაწყვიტა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება წიგნად გამოსცეს. ვფიქრობთ, ეს საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის. ამავე დროს ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი მეზღვაურების აღზრდის, პროფესიული გამოცდილების და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საქმეში. სამწუხაროდ, მას არ გააჩნია სახსრები, რათა საკუთარი ფინანსებით გამოსცეს წიგნი. წიგნი კი მზად არის და მოუთმენლად ელოდება სპონსორს.

ყველა ახალი ამბავი
0