საქართველოში ბენზინის ფასი კვლავ გაიზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე აისახება მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების რეკორდული ზრდა და ლარის კურსის მერყეობა.
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ქვეყანაში საწვავზე ფასების ზრდას პროგნოზირებს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მოვლენებისა და ლარის მერყევი კურსის გამო.
იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბაზარზე ვითარება ამ დროისათვის არაპროგნოზირებადია უკრაინის მოვლენების გამო, რომელსაც ნავთობზე ფასების რეკორდული ზრდა და საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც მოჰყვა.

„ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი... ბენზინის ფასი 1 თებერვლიდან დღემდე გაზრდილია 204,25 დოლარით/ტონაზე, ანუ 24%-ით 1.056,75 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 256,75 დოლარით/ტონაზე, ანუ 32,8%-ით 1.040 დოლარამდე/ტონაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საწვავის ფასის ზრდის მეორე მიზეზია ვითარება ლართან დაკავშირებით.
„ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება“, – აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.
საქართველოში შეიძლება საწვავის ფასებზე ზღვარი დაწესდეს>>
უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს ზომებს საქართველოში საწვავზე ფასების ზედმეტ ზრდასთან დაკავშირებით, მათ შორის საწვავის ფასზე ზედა ზღვრის დადგენას. ამ დროისათვის ეს საკითხი იმპორტიორ ქვეყნებთან აქტიურად განიხილება.
ვითარება საქართველოს საწვავის ბაზარზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს საწვავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 39 ეკონომიკური აგენტი და ქვეყანაში განხორციელდა 1,5 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი.
იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის თურქმენეთზე, რუსეთზე, რუმინეთსა და ბულგარეთზე.
ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული „რეგულარის“ მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე. აღნიშნული საწვავის 1 ლიტრის თვითღირებულებებს შორის სხვაობა წლის განმავლობაში 6-25 თეთრის ფარგლებში მერყეობდა.
უწყების ცნობით, 2021 წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო პლატფორმა Platts-ის ფასის ზრდის დინამიკით. წლის მანძილზე ფასი 65%-ით გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0