დიდებული მეუღლე და ბრწყინვალე სტრატეგოსი: ღვაწლი ქართველთა ჯეროვნად დაუფასებელი მეფისა

© Pixabay / NadineDoerleმეომრის აღჭურვილობა
მეომრის აღჭურვილობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2022
გამოწერა
კონსტანტინე გამსახურდია წერდა, მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ, მიჩქმალული გმირობის ქომაგია მწერალი და სხვა არაფერიო.
როდესაც საქართველოს „მიჩქმალულ“ გმირებზეა საუბარი, ეს უპირველესად დავით სოსლანზე ითქმის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფე გახლდათ, თუმცა მისი ღვაწლი, შეიძლება ითქვას, სათანადოდ დაფასებული არ არის.
მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ამაგი მიუძღვის დავით სოსლანს საქართველოსა და ქართველ ხალხზე.
თუმცა თავში ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ დავით სოსლანის წარმოშობაზე, რაზეც ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს.
ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არ ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო გიორგი I-ისა და ალანთა მეფის ასულის, ალდე დედოფლის ვაჟის, დემეტრესაგან მომდინარეობს.
ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ მეფის ასულზე იქორწინა და ოსთა მეფედ იწოდა. სწორედ მისი შთამომავალი იყო დავით სოსლანი.
თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2017
დავით სოსლანი - მხოლოდ თამარ მეფის მეუღლე თუ შამქორისა და ბასიანის გმირი?!
დავითი თამარზე 1189 წელს დაქორწინდა და მაშინვე მტკიცედ ჩადგა საქართველოს სამსახურში — სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულ მეუღლეობას უწევდა თამარ მეფეს.
მართალია, თამარის ეპოქა საქართველოში „ოქროს ხანადაა“ ცნობილი, მაგრამ მისი მეფობის დასაწყისი საკმაოდ მძიმე იყო.
1177 წელს დიდი შეთქმულება მოეწყო მეფე გიორგი მესამის წინააღმდეგ. შეთქმულებაში, რომელიც შემდეგ აშკარა ამბოხში გადაიზარდა, მონაწილეობდა სამი ვაზირი, ოცამდე დიდი ერისთავი და დაახლოებით 30 ათასზე მეტი მეომარი.
ეს ამბოხება, რომელსაც გიორგი მესამის ძმისწული დემნა ბატონიშვილი და ამირსპასალარი ივანე ორბელი ხელმძღვანელობდნენ, მეფემ დიდი გაჭირვებით ჩაახშო. და რაღაი ძალაუფლების არამდგრადობას გრძნობდა და აცნობიერებდა, მეფე გიორგიმ თამარი თავის მემკვიდრედ თავის სიცოცხლეშივე გამოაცხადა 1178 წელს და კორონაციაც მოუწყო.
მაგრამ მეფის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წელს დიდგვაროვნებმა ხელმეორედ მოახდინეს თამარის მეფედ კურთხევა, რითაც თავიანთ დიდ უფლებებს გაუსვეს ხაზი.
დიდებულები ამას არ დასჯერდნენ და თამარს პირდაპირ მოსთხოვეს მეფის ერთგული, მაგრამ „უგვარო“ ვაზირების — ჭიაბერის, აფრიდონისა და ყუბასარის გადაყენება. თამარმა დააკმაყოფილა მათი „თხოვნა“ და უგვაროთა ნაცვლად დიდგვაროვანი დიდებულები დანიშნა ვაზირებად.
ერთი სიტყვით, მეფე მძევალი აღმოჩნდა დიდებულთა ხელში, რაც კარგად იგრძნეს ვაჭარ-ხელოსნებმა (ანუ საშუალო ფენის წარმომადგენლებმა) და ახლა მათ მოაწყვეს შეთქმულება, რომელსაც ყუთლუ-არსლანი ხელმძღვანელობდა.
ქვეყანა ისევ სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდა. მართალია, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა დიდი სისხლისღვრის გარეშე გაანეიტრალეს, მაგრამ ეს თამარის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვის ხარჯზე მოხდა.
ცხენის ნალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2020
თამარ მეფის უსასტიკესი სასჯელი, ანუ ერთ ნალზე გაცვლილი მელიქი
მოგვიანებით ისევ იძალეს დიდებულებმა და თამარი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, იური რუსზე დააქორწინეს. 1187 წელს იური რუსი თამარმა თავისი მცირერიცხოვანი ერთგული ხალხის დახმარებით საქართველოდან გააძევა. თუმცა ქართველმა დიდებულებმა გუზან ტაოელმა, ბოცო ჯაყელმა, მეფის მსახურთუხუცესმა ვარდან დადიანმა და თბილისის ამირამ აბულასანმა რუსი იური „ისევ მოიწვიეს“ საქართველოს მეფედ. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. მაშინ თამარის მეუღლე უკვე დავით სოსლანი იყო და სწორედ ამ ფაქტორმა იქონია გადამწყვეტი გავლენა კარგად ორგანიზებული ამბოხის ჩახშობაში.
ოსმა უფლისწულმა დავით სოსლანმა თამარზე დაქორწინებისთანავე სერიოზულად მოჰკიდა ხელი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას. მართალია, ქვეყანას ისევ თამარი განაგებდა და მეფედაც ის იწოდებოდა, მაგრამ მისი სათნოების უკან დავით სოსლანის რკინის ხელი იგრძნობოდა. ის იყო სამეფო ხელისუფლების დიდი ბურჯი.
1189 წლიდან, როდესაც თამარი და დავითი დაქორწინდნენ, საქართველოს სამეფო კარზე დიდგვაროვანთა გავლენამ თანდათან დაიწყო დასუსტება და თამარმაც ნელ-ნელა დაიბრუნა დაკარგული ძალაუფლება. ქართველი დიდებულები ვეღარ ბედავდნენ მეფისადმი ურჩობას. ერთადერთი გუზან ტაოელი აღმოჩნდა მოუდრეკელი, მაგრამ სოსლანმა შეიპყრო იგი და თვალები დასთხარა.
დავით სოსლანი იყო არა მარტო ძლიერი ორგანიზატორი და სახელმწიფო მმართველი, ბრწყინვალე პიროვნებაც გახლდათ. მის ერთ-ერთ უპირველეს ღირსებად ისიც მიიჩნევა, რომ თამარის უფლებების შეზღუდვა არც უცდია. მისი გონებაგამჭრიახობა და სულიერი სიმაღლე ნათლად ვლინდება იმ ფაქტში, რომ საქართველოს მეფედ თამარი რჩებოდა — მთელი თავისი უფლებებითა და რეგალიებით, მაგრამ ქვეყნის რეალური მმართველი მაინც დავით სოსლანი იყო, რომელიც თამარის სახელით აშენებდა, სჯიდა ურჩებს და ბრძოლებშიც იმარჯვებდა.
1192 წელს დავით სოსლანის სარდლობით ქართველებმა დალაშქრეს კარნუ. იქ მუსლიმური კოალიციის დამარცხების შემდეგ ქართველებმა დალაშქრეს ბარდავი, გელაქუნი და ლორე. ქართველთა წარმატებებით გაოგნებული თურქები გაერთიანდნენ. კოალიციურ ლაშქარს აბუბექრი ჩაუდგა სათავეში. ბრძოლა 1195 წელს გაიმართა შამქორთან და ქართველთა სრული გამარჯვებით დასრულდა.
განძეული - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2018
როგორ ივსებოდა თამარ მეფის დროს ხაზინა და როგორ ნაწილდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი
ამ ბრძოლაში ზაქარია მხარგრძელი „არ დაელოდა“ დავით სოსლანის რაზმის მისვლას და თავად გასცა შეტევის დაწყების ბრძანება (ეს ქართველთა ერთგვარი ტაქტიკა იყო). შამქორის ციხის კედლებთან საშინელი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა. ის იყო, სასწორი მუსლიმთა მხარეს იხრებოდა, რომ ბრძოლაში დავით სოსლანი ჩაება და გამარჯვება ქართველებს დაგვრჩა.
დიდი იყო ამ გამარჯვების მნიშვნელობა. განძა უკვე უბრძოლველად დამორჩილდა დავით სოსლანს, როგორც მემატიანე წერს: „თაყვანი სცეს მეფესა და ბუმბერაზთა მისთა“.
ამის შემდეგ ქართველებმა შემოიერთეს: 1196 წელს — ამბერდი, 1199 წელს — ანისი, 1201 წელს — ბიჯნისი, 1202 წელს — დვინი.
ბოლოს კი იყო ბასიანის ლეგენდარული ბრძოლა, რომელსაც წინ უსწრებდა კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრის – კარის (დღევანდელი ყარსი) აღება.
ქართული ლაშქრის წარმატებებმა ისევ ფეხზე დააყენა მუსლიმანური სამყარო. იკონიის სულთანმა რუქნადინმა დაახლოებით ოთხასათასიანი ლაშქარი შეჰყარა საქართველოს მოსაშთობად.
ბრძოლა ბასიანის ველზე გაიმართა. ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი კვლავ არ დაელოდა დავით სოსლანისა და ქართული ლაშქრის ძირითადი ნაწილის ბრძოლის ველზე მისვლას და ბასიანის გაშლილ ველზე დაესხა თავს მტრის ურდოს.
ეს თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო მომხდურისთვის, რომ თავიდან ქართველებმა მცირე წარმატებასაც მიაღწიეს. მაგრამ რიცხობრივმა სიმრავლემ თავისი გაიტანა და გამარჯვების პინა რუქნადინის ლაშქრისკენ გადაიხარა. სწორედ ამ დროს ჩაება ბრძოლაში დავით სოსლანი თავისი რჩეული მეომრებით და მტერი გაანადგურა. რუქნადინი მცირერიცხოვანი გუნდით ბრძოლის ველს გაეცალა და უეჭველ სიკვდილს გაასწრო.
თამარ მეფის ფრესკა ვარძიაში - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2018
თამარ-მეფის სიყვარულს დანატრებული, უარყოფილი და ბოგანოდ ქცეული უფლისწულები
სწორედ ამ დროს საქართველოს სამეფო კარმა მიიღო ძალზე თამამი და დროული გადაწყვეტილება — ქართულმა ლაშქარმა სამხედრო რეიდი მოაწყო შავი ზღვისპირა ტერიტორიებზე, რომელიც თავის დროზე პონტოს სამეფოს კუთვნილება იყო და ქართველური ტომებით იყო დასახლებული. შეიქმნა ვასალური სახელმწიფო ტრაპიზონის იმპერია, რომელიც ბუფერი უნდა გამხდარიყო საქართველოსა და იკონიის სულთანს შორის.
დავით სოსლანმა, როგორც ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგმა, მართლაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის იყო ორი დიდი ომის — შამქორისა და ბასიანის, ასევე ორმოცამდე მცირე ბრძოლის „შემოქმედი“.
დავით სოსლანი გელათის მონასტერშია დაკრძალული, ქართველ მეფეთა საძვალეში. სამწუხაროდ, ისტორიკოსებმა მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღის დადგენა ვერ შეძლეს, მაგრამ თუ ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს შევაჯერებთ, მეტ-ნაკლებად ზუსტი 1204 წელი უნდა იყოს.
მას მერე რვა საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯეროვანი პატივი და ღირსება ამ ბრწყინვალე მეფეს შთამომავლების მხრიდან, სამწუხაროდ, დღემდე არ რგებია.
ვანო სულორი
ყველა ახალი ამბავი
0