საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

© courtesy of Georgian Heritageანჩისხატის ეკლესია
ანჩისხატის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის ლიმნის, და ვარადატის, ასევე ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ცხრა ყრმა კოლაელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა.
ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.
სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.
თამაზ ლომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2022
საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი
ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.
ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.
მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მოწმაეების მავრიკის და 70 მხედრის ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა. .
მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).
დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.
ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი
მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.
სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა.
ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.
ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.
მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
საეკლესიო კალენდარი : 4 მარტი
ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.
ათანასე აღმსარებელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.
ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0