საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი

ზესტაფონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 მარტს კატანელი ეპისკოპოსის ღირსი ლეონის, სპარსელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე სადუკის, და 128 მოწამის. ასევე რომის პაპის აღათონის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი წმინდა ლეონის ხსენების დღეა.
ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი იყო, ის განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოწყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულებათა კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. წმიდა ლეონის ეპისკოპოსობის დროს კატანში ცხოვრობდა მოგვი ილიოდორი, რომელიც ხალხს თავისი სასწაულებით აოცებდა. ილიოდორი თავდაპირველად ქრისტიანი იყო, მაგრამ შემდგომ უარყო მაცხოვრის სარწმუნოება და დემონის მსახური გახდა. მღვდელმთავარი ლეონი ხშირად შეაგონებდა ჯადოქარს, ხელი აეღო ბოროტმოქმედებაზე და სინანულით განწმენდილი, უფალს მობრუნებოდა, მაგრამ ამაოდ. უსჯულოს თავხედობა იქამდე მივიდა, რომ თვით წმიდა ეპისკოპოსის აბუჩად აგდებაც კი გადაწყვიტა. ის სამეუფო წირვის დროს შევიდა ტაძარში და თავის ჯადოქრობით მრევლში შფოთი და აურზაური გამოიწვია: ზოგმა ფეხების ბაკუნი დაიწყო, ზოგმა - უაზრო ხარხარი, სხვები საშინელ მრისხანებაში ჩავარდნენ. ილიოდორი იმუქრებოდა, თავად ეპისკოპოსსაც ღვთისმსახურთა დასით ხტუნვასა და ცეკვა-თამაშს დავაწყებინებო. ლეონი მიხვდა, რომ უწყინარი შეგონებების დრო დამთავრდა, მუხლი მოიყარა ტრაპეზის წინაშე, მხურვალედ ილოცა, შემდეგ გამოვიდა საკურთხევლიდან, ომოფორი ყელზე შემოაჭდო უსჯულოს, მოედანზე გაიყვანა და აიძულა, საჯაროდ ეღიარებინა ყველა ცოდვა. ამის შემდეგ მწყემსმთავარმა ხალხს დიდი კოცონი დააგზნებინა და გრძნეულთან ერთად შიგ შევიდა ისე, რომ ომოფორისთვის ხელი არ გაუშვია. ეშმაკის მსახური მალე დანახშირდა და ჩაიფერფლა, წმიდა ლეონი კი სრულიად უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან და მშვიდად დაასრულა საღვთო ლიტურღია. ამ სასწაულმა სიცოცხლეშივე დიდად გაუთქვა სახელი ღირს მამას.
წმიდანი მოხუცებულობაში მიიცვალა. მისი უხრწნელი ცხედრიდან ღვთის სადიდებლად კეთილსურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
საეკლესიო კალენდარი : 4 მარტი
სპარსელი ეპისკოპოსი სადუკი და მასთან ერთად 128 მოწამე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსის და მასთან ერთად 128 მოწამის ხსენების დღეა.
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ II-ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცამდე წვერმიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა: „ამოდი ჩემთან, სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა წამოიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის – 9 ქალწული. ისინი საპყრობილეშო ჩააგდეს, სადაც 5 თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი. წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ: „ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“. ქრისტეს მარტვილებს თავი მოჰკვეთეს.
რომის პაპი აღათონი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი რომის პაპის აღათონის ხსენების დღეა.
აღათონი, რომის პაპი მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო და მათი წყალობით კარგი განათლებაც მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნეტარმა მამამ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. მისი კეთილმსახური ცხოვრება ადამიანთაგან დაფარული არ დარჩენილა, 679 წელს წმიდა რომის პაპად იქნა არჩეული. ღირსი აღათონი სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0