ცოტა თუ აცნობიერებს იმას, რომ Facebook–ზე დამოკიდებულებამ შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ადამიანური ურთიერთობები, ყოველდღიური ცხოვრება და, რაც მთავარია, ადამიანის ფსიქიკა. რა ზიანი შეიძლება მიადგეს ადამიანს ამით და როგორ ვებრძოლოთ მას, ფსიქოლოგი ნანუკა ჭავჭანიძე გვესაუბრება.
— Facebook–ზე დამოკიდებულებამ შეიძლება, მაგალითად, ალკოჰოლიზმის მსგავსი ზიანი მიაყენოს ადამიანს?
— დიახ, ეს ჩვეულებრივ დამოკიდებულებად აღიქმება. ხშირად ადამიანები Facebook–ს იყენებენ იმისთვის, რათა დაავიწყდეთ ყოველდღიური პრობლემები. უკვე ხშირად ცდილობენ Facebook–ის გაუქმებას, მისით სარგებლობისთვის თავის დანებებას, მაგრამ უშედეგოდ. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სპეციალური კლინიკებიც კი გაიხსნა, სადაც სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ისევე მკურნალობენ, როგორც სხვა დამოკიდებულებებს.
— მაინც რა სახის ზიანზეა საუბარი?
— სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის უარყოფითად მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და, შესაძლოა, ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს. როდესაც ადამიანი თვალს ადევნებს სხვის კეთილდღეობას, კარგ ცხოვრებას და შემდეგ საკუთარს ადარებს, ეს მასში გულის წყვეტასა და ტკივილს იწვევს.
ხშირად გაუაზრებლად, ხუმრობით თუ სხვებთან თავმოწონების მიზნით, შესაძლოა, ადამიანს ზიანი მივაყენოთ. სხვათა შორის, იმის ცოდნაც კი, რომ შეიძლება სხვისი ტკივილი გამოვიწვიოთ, ხშირად არ ცვლის ჩვენს ქცევას, რადგან ტენდენციაა ასეთი. უფრო მეტიც, ამ ცუდ ქცევას კიდევ უფრო განამტკიცებს სხვათა გამოხმაურება და მხარდაჭერა.
დღეს ინტერნეტი ადამიანების ქცევას უფრო თამამს ხდის, საჭიროების დროს — ანონიმურს, გაბედულსა და ბოროტსაც კი.
სოციალური ქსელებით ხშირად ხდება კიბერბულინგი, ანუ, ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ განზრახ განხორციელებული აგრესიული ქმედება მსხვერპლის მიმართ ელექტრონული ფორმით და ინტერნეტის გამოყენებით. ამ დროს მსხვერპლმა შეიძლება ვერ ან გვიან გაიგოს, რომ ის მსხვერპლია და მასზე უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.
კიბერბულინგის ძალიან ბევრი სახე არსებობს, მაგალითად: მსხვერპლს ანონიმურად ან არაანონიმურად უგზავნიან უსიამოვნო ინფორმაციის შემცველ მესიჯებს, ფოტოებს ან ვიდეომასალას, სოციალური ქსელით ავრცელებენ მის შესახებ დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას, ღიად საუბრობენ და მსჯელობენ მასზე, ასაჯაროებენ მის პირად ინფორმაციას, მისი სახელით ავრცელებენ უსიამოვნო, არასწორ ინფორმაციას, დასცინიან, ლანძღავენ და ა.შ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
კიბერბულინგი ყველაზე მეტად გავრცელებულია სკოლებში და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ეს პრობლემა კიდევ უფრო საყურადღებოა. ამას მოზარდებში ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს – ეს არის დეპრესია, შფოთი, სუიციდური ფიქრები და სხვა.
— თქვენთვის რამდენად მისაღებია ის ფაქტი, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა უმრავლესობას აქვს სოციალური ქსელი?
— დღეს ძალიან რთულია, აკონტროლო ეს პროცესი. ყველა ჩართულია სოციალურ ქსელებში. ნებისმიერი ღონისძიება შესაძლოა სოციალური ქსელით დაიგეგმოს და თუ არ ხარ მასში ჩართული, არ ხარ მისი მონაწილე, შესაძლოა გამოეთიშო ამ პროცესს, დროულად ვერ მიიღო ინფორმაცია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელების გამოყენების დროს ზომიერება იყოს დაცული. როგორც ბავშვი, ისე მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რომ სოციალური ქსელის დიდი რაოდენობით მოხმარება საფრთხის შემცველია. თუ ზომიერებას დაიცავენ, შესაძლოა, ამან სულაც არ მოიტანოს ზიანი.
— როგორ უნდა ვებრძოლოთ Facebook–ზე დამოკიდებულებას?
— ალბათ, უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ სოციალურ ცხოვრებაში, აქტივობებში. უნდა ვეცადოთ ხშირად გავიდეთ გარეთ, ვინახულოთ მეგობრები, ნათესავები, დავკავდეთ ხელოვნებით, სპორტით. სოციალურმა ქსელმა ამ კონტაქტებს ხელი ძალიან შეუშალა. შვილები მშობლებთან ნაკლებად ურთიერთობენ, მშობლებმა შესაძლოა სახლის საქმეც გადადონ, შვილებს ნაკლები ყურადღება მიაქციონ და მეტი დრო Facebook-ს დაუთმონ. ამ დროს ზოგჯერ პირადი ჰიგიენაც კი მეორეხარისხოვანი ხდება. მთავარია, შევძლოთ იმის კონტროლი, რომ ამით სხვა საქმეს ხელი არ შევუშალოთ და დავიცვათ ზომიერება.