„გაუმართლებელი გადაწყვეტილება“ – საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უკრაინის ელჩის გაწვევაზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2022
გამოწერა
ცდილობენ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩააბან, აცხადებენ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევის გადაწყვეტილებას მიუღებელი და გაუმართლებელი უწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ განაცხადა – რადგან საქართველოს ხელისუფლება „ხელს უშლის ქართველი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში“ და მისი „არამორალური პოზიციის გამო სანქციებთან დაკავშირებით“.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო სანქციებს არ დააწესებს. მისი თქმით, სანქციები უფრო საქართველოს დააზარალებს.

„ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯია. უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში. ყველაფერს ვცემთ პატივს და, ბუნებრივია, არასწორია ამ ვითარებაში გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლება, მაგრამ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მიუღებელი და გაუმართლებელი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გააკეთა ბოლო დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არის კოორდინირებული მცდელობა, რომ საქართველო პირდაპირი ფორმით ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში.
„რბილად რომ ვთქვა, უკრაინის ხელისუფლების ეს ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება არის ამ კოორდინირებული მოქმედების გამოხატულება. ამის იქით აქ არაფერს ვიტყვი... არის მცდელობა, საქართველო იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ და არ დავუშვებთ, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამ კოორდინაციის ნაწილია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“, დაამატა კობახიძემ.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია>>
„სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევის. უკრაინასთან დაკავშირებით სანქციები არ დააწესეს მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა. არც ერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მიზეზია ერთადერთი – ინტერესი, რომ თურქეთი, მოლდოვა ან აზერბაიჯანი და ისრაელი ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. ეს არის მარტივი ახსნა. სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ იქიდან ელჩი არავის გაუწვევია“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარი დაუჭირა უკრაინას. ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ, ასევე გაეროს რეზოლუციას.
რუსეთმა უკრაინაში საომარი ოპერაცია 24 თებერვალს დილით დაიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0