ოშკის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განახლდება

ოშკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
ოშკის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და რელიგიური ცენტრია ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული ძეგლის ოშკის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში განახლდება, განაცხადა თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ სერდერ ჩამმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და რელიგიური ცენტრია ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში.
ტაძარი მეათე საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. დღეს მთელი სამონასტრო ანსამბლიდან შემორჩენილია საკათედრო ტაძარი, სემინარია და მცირე ეკლესიები.

„ყველა ისტორიული ძეგლი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ართვინის რეგიონში იშხანის რესტავრაცია დასრულდა. ასევე მოხდა თამარის ხიდების რესტავრაცია. ოშკს რაც შეეხება, სამუშაოები იქ უკვე დაწყებულია. ახლა ველოდებით ტენდერის გამოცხადებასა და ჩატარებას, რათა სამუშაოების ჩატარების აქტიურ ფაზაში გადავიდეთ“, – განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სერდერ ჩამმა.

სერდერ ჩამის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია, თუ ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლს, ეკლესიას ან მეჩეთს ჰყავს მრევლი, მათ ამ კუთხითაც შეძლონ ფუნქციონირება როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში.
საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის 2017 წლის 23 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ორმა ქვეყანამ აიღო მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ვალდებულება.
ისინი ასევე უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების თანამშრომლობას და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას.
წყარო: პირველი არხი
ყველა ახალი ამბავი
0