სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმება: მთავრობა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პრაქტიკა ათწლეულებია წარმატებით ხორციელდება ევროპის ბევრ ქვეყანაში.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. შრომისუნარიანმა სოციალურად დაუცველმა პირებმა უნდა ისწავლონ შემოსავლის წყაროს გაჩენა და სახელმწიფო მათ ამის შესაძლებლობას მისცემს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდება. დღეისათვის ქვეყანაში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირია, რომელთაგან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია. ზოგი მათგანი არაოფიციალურადაა დასაქმებული, რადგან მათ სახელმწიფო დახმარების დაკარგვის ეშინიათ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობა სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც დასაქმების სურვილი ექნებათ, რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს.

„პირველ რიგში საუბარია საზოგადოებრივ სამუშაოებზე: შეჭირვებულებს მთავრობა დაასაქმებს და ისინი, სოციალური დახმარების გარდა, დამატებით 300 ლარს მიიღებენ. ეს იქნება იმ სოციალურ პაკეტზე დანამატი, რომელსაც ისინი იღებენ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

აღნიშნული ბენეფიციარების დასაქმების მეორე ვარიანტად პრემიერმა არსებული სამუშაოების დეკლარირება დაასახელა.
„თუ ადამიანი უკვე მუშაობს კერძო სექტორში, მაგალითად, მაღაზიაში, მშენებლობაზე, ჩვენ მათ დახმარებას არ მოვუხსნით, მათ უბრალოდ უნდა დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეჭირვებულთათვის დასაქმების კიდევ ერთ ვარიანტად მთავრობა რეგიონებში ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობას განიხილავს.
დავითაშვილი: სოციალურად დაუცველ პირებს დასაქმების შემთხვევაში ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ>>>
ღარიბაშვილის თქმით, რეგიონებში გაიხსნება პროფესიული გადამზადების ცენტრები და სოციალურად დაუცველი პირები კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ შეძლებენ სამუშაო კერძო სექტორშიც იპოვონ.
„სოციალური დახმარება მათ ამ შემთხვევაშიც შეუნარჩუნდებათ“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდებიან, ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ.
ამასთან, როგორც პრემიერმა განმარტა, იმ პირებს, ვისაც დასაქმების სურვილი არ ექნება, ამას არავინ დააძალებს, თუმცა დასაქმებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ მათი სტატუსი გადაიხედება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 648.176 პირი (175.716 ოჯახი) იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17,3%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია რეიტინგულ ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ წევრზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 19,5%-ს შეადგენდა.
ყველა ახალი ამბავი
0