სასამართლომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ანულირებულად გამოაცხადა

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი
ქართული ოცნების საარჩევნო შტაბი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2022
გამოწერა
სენაკის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ირაკლი კაჭარავას კანდიდატურას მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ირაკლი კაჭარავას სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ გადაწყვეტილება, იუწყება „პირველი არხი“.
ოთხშაბათს, დილით კაჭარავას კანდიდატურის კენჭისყრამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა სასამართლოს მიმართეს. მათი მტკიცებით, 9 თებერვალს მიღებული ყველა გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო.
საუბარია პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატ ილია ახალაიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებასა და ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობაზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა კვორუმის არარსებობის პირობებში გახსნეს – კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 33-დან მხოლოდ 16-მა დეპუტატმა.
ოპოზიციის განცხადებით, რეგლამენტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც აღნიშნული სხდომა იყო ახლადარჩეული სათათბირო ორგანოს პირველი სხდომის (2021 წლის 3 დეკემბერს გაიმართა - რედ.) გაგრძელება.
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს>>>
მმართველი პარტიის წარმომადგენლების სარჩელში ასევე მოთხოვნილი იყო სათათბირო ორგანოს მიერ 9 თებერვლის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილების შეჩერება.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკვე ჩაბარდათ მოსამართლის შესაბამისი განჩინება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. შამათავას უფლებამოსილების ცნობის საკითხთან ერთად, სასამართლომ გადაწყვიტა შეჩერდეს სამანდატო დროებითი კომისიის და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებები.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ასევე ანულირებულია საკრებულოს ბოლო სხდომაც და სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 დეპუტატია, აქედან 16 ადგილი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, 13 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 4 – პარტიას „საქართველოსთვის“.
თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა საკრებულოს დეპუტატების ნახევარზე მეტის თანხმობა – 17 ხმა. სწორედ ამდენი ხმა მიიღო გუშინ გამართულ სხდომაზე არჩეულმა ირაკლი კაჭარავამ.
ყველა ახალი ამბავი
0