სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerგახარიას პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა
გახარიას პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2022
გამოწერა
საქართველოს კიდევ ერთ საკრებულოში საქმიანობას ოპოზიციის წარმომადგენელი გაუძღვება.
თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ირაკლი კაჭარავა სენაკის საკრებულოს უხელმძღვანელებს.
კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 33-დან 17-მა წევრმა მიიღო. კაჭარავას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა.
თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობაზე უარი თქვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა.
სენაკის საკრებულოს რიგით მეათე სხდომას ინციდენტის გარეშე ამჯერადაც არ ჩაუვლია. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში თანამდებობა დატოვა საკრებულოს აპარატის უფროსმა ვეფხია რუსიამ.
მან წასვლის მიზეზად დაასახელა ზეწოლა საკრებულოში წარმოდგენილი სამივე პარტიის მხრიდან. თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე რუსიას არ უსაუბრია.
მიუხედავად ამისა, სხდომა გაგრძელდა. დეპუტატებმა ცვლილებები შეიტანეს განკარგულებაში და აპარატის უფროსის ხელმოწერა სხდომის თავმჯდომარის სევდია უგრეხელიძის ხელმოწერით ჩაანაცვლეს.
კაჭარავას არჩევის შემდეგ საკრებულოს სხდომა გადაიდო. ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია მომდევნო სხდომაზე გამოცხადდება და მონაწილეობას მიიღებს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევაში.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 33 დეპუტატია, აქედან 16 ადგილი ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“, 13 – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 4 – პარტიას „საქართველოსთვის“.
სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საუბარია პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატ ილია ახალაიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებაზე. პროპორციული სიით არჩეული ახალაიას ნაცვლად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს.

„დღეს დილით მივმართეთ სასამართლოს, რათა სარჩელის განხილვამდე დროებითი ზომის სახით შეგვეჩერებინა საკრებულოს ყველა ე.წ. გადაწყვეტილება“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა საბა ოდიშარიამ.

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სენაკის საკრებულოს სხდომას, ისევე, როგორც იქ მიღებულ გადაწყვეტილებებს, არალეგიტიმური უწოდა. მისი სიტყვებით, ოპოზიციონერებმა სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად გახსნეს – კენჭისყრაში 33-დან 16-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.
ბრალდებებს გახარიას პარტიაში უპასუხეს. ბერდია სიჭინავას თქმით, რეგლამენტი არავის დაურღვევია, რადგან ეს იყო ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გაგრძელება, რომელიც 2021 წლის 3 დეკემბერს გაიხსნა. მას შემდეგ სხდომის ბოლომდე ჩატარებისა და თავმჯდომარის არჩევის ცხრა მცდელობა იყო, მაგრამ ყველა „ქართული ოცნების“ გამო ჩაიშალა.
ადგილობრივი არჩევნებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ თავმჯდომარის გარეშე კვლავ რჩება ბათუმის საკრებულო, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ერგო, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის გადაწყვეტილებების მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0