„ღია დიალოგისთვის მზად ვარ“ - ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ნამავანჰესის“ მშენებლობა
„ნამავანჰესის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
უპრიანი იქნება, რომ კონკრეტულ სწორ ფორმატში შევიკრიბოთ, ექსპერტების და იმ ადამიანების ჩათვლით, ვისაც მედიაცია და ნეიტრალური როლის თამაში შეუძლია, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ღია დიალოგისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ მას მიაჩნია მიზანშეწონილად სპეციალისტების მოსმენა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 478 დღეა გრძელდება. აქტივისტებმა მდინარე რიონის ხეობაში კარვების ბანაკი მოაწყვეს, ისინი მთავრობისგან ხეობის ეკოსისტემისთვის პროექტის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ. მოძრაობა „რიონის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა 21 თებერვალს ეკონომიკის ახალ მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუწოდა ღია დიალოგის ფარგლებში საჯაროდ გასცეს პასუხი პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

„ღია დიალოგისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ეს შესაძლოა, მათაც დაადასტურონ. მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის. თქვენც იცით, რომ საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს იქნება... აქ საჭიროა ექსპერტების მოსმენა და იმ ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით გაიხსნა პლატფორმა „ნამახვანჰესის“ საკითხით დაინტერესებული ჯგუფებისთვის და ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ექსპერტებთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვებში.
„ამ პლატფორმაში მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის სამინისტროს კუთხით. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ დავინახეთ „რიონის ხეობის მცველების“ ბევრი აქტივობა, ასევე ენთუზიაზმი“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად პლატფორმის არსებობისა, დავითაშვილმა მაინც გამოთქვა მზადყოფნა პირადი შეხვედრისა და გულწრფელი და ღია საუბრისათვის. მაგრამ ისეთი საკითხებით დაინტერესების შემთხვევაში, როგორიცაა უსაფრთხოება, გარემოზე ზემოქმედება, ბიომრავალფეროვნება, ტარიფები, ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება, მიზანშეწონილი იქნება შეხვედრა სწორ ფორმატში, ექსპერტებისა და ისეთი ადამიანების მონაწილეობით შედგეს, რომლებსაც შეუძლიათ შუამავლობა და ნეიტრალური როლის შესრულება.

ინვესტორთან დაკავშირებული საკითხი

საქართველოს ხელისუფლება არ კარგავს იმედს „მშვიდობიანად მოელაპარაკოს“ თურქ ინვესტორ, კომპანია ЕNKA-ს, რომელმაც გასული წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. კომპანია საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გეგმავს, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.

„მათ გარკვეული წინადადებები აქვთ, თუმცა ჩვენ შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, ვიდრე არ იქნება ამ სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ ამაზე მეტ ინფორმაციას ვერ მივაწვდით ვერავის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ENKA-სთან დავის გადაჭრის პროცესში ჩართულია ბევრი საექსპერტო კომპანია, საკონსულტაციო, იურიდიული კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები. არსებობს ასევე სასამართლო პროცესები, ამიტომ უმჯობესია ყველა დაელოდოს სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც საზოგადოებას და განსაკუთრებით დაინტერესებულ პირებს „ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება“.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას პირდაპირ ეთერში იწვევენ >>
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტით „ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან უნდა შემდგარიყო: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ უნდა ყოფილიყო. კასკადის მეშვეობით დარეგულირდებოდა წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან აცილებულიყო წყალდიდობა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0