„არ წამოიყვანოთ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები!“ - გარემოს დაცვის სამინისტრო

© Agency of Protected Areas (Georgia)დედა დათვი და ბელები ლაგოდეხის ნაკრძალში
დედა დათვი და ბელები ლაგოდეხის ნაკრძალში - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2022
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, ასევე ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია.
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქის მიერ შუახევის გზაზე ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს.
„ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული პროცესია, რადგან ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების და თვითგადარჩენის ინსტიქტი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევში მომხდარ შემთხვევაზე რეაგირება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ტყიდან გამოყვანით გარეული ცხოველები, ძირითადად, სასიკვდილოდ, ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირული.
„ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს, ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან; მათი ადგილი ველურ ბუნებაშია“, - აღნიშნეს გარემოს დაცვის სამინისტროში.
მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, ასევე ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება 1000 ლარიანი ჯარიმით ისჯება. გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და საკუთრებაში სახელმწიფოს გადაეცემა.
კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა.
დანა გადაყლაპა: ქართველმა ვეტერინარებმა იშვიათი ფრინველი გადაარჩინეს >>
ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა.
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” (CITES) კონვენციით დაცული ცხოველის შეძენის შემთხვევაში, პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სერტიფიკატი და ნებართვა.
წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0