სახალხო დამცველმა OSCE/ODIHR-ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა – „ქართული ოცნება“

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ახალი მღელვარების მიზეზი გახდა.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR​) არასწორი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტს გაუქმდება და მის ბაზაზე ორი ახალი სტრუქტურა ამუშავდება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ეს რეფორმა OSCE/ODIHR-მა გააკრიტიკა.
„ის, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, OSCE/ODIHR-ის წინაშე არ დასმულა მთავარი საკითხი – არის თუ არა ერთმანეთთან თავსებადი გამოძიება და პერსონალური მონაცემების დაცვა და არის თუ არა გავრცელებული მსგავსი მოდელი ევროკავშირის ქვეყნებში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩატარებულ რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემების დაცვაზე და მონაცემების გაჟონვაზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, თვითონვე არის ასეთი საგამოძიებო ორგანო.
„იმედია, სახალხო დამცველი იხელმძღვანელებს გამჭვირვალობის პრინციპით და გაასაჯაროებს მის მიერ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტი და ობიექტური დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
რას მოითხოვს ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით>>
მისი თქმით, ბიუროსგან დაიმალა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჯერ კიდევ მოქმედ ხელმძღვანელობას შეეძლო ახალ კონკურსში შეუფერხებლად მონაწილეობის მიღება და რომ მათ აღნიშნული შესაძლებლობა არ გამოიყენეს.
ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები განხორციელდა მათ შორის ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში არცერთ სახელმწიფო ორგანოს არა აქვს, ერთი მხრივ, გამოძიების ფუნქცია და, მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონტროლის ფუნქცია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიფინგი მანამდე ჩაატარა, სანამ სახალხო დამცველი ჟურნალისტებს OSCE/ODIHR-ის დასკვნას გააცნობდა.
ჩატარებული რეფორმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს სამოხელეო დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გააკონტროლებს პირადი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, მოსმენებს.
ყველა ახალი ამბავი
0