სათამაშოები შეიძლება საშიში იყოს – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა

© Batumi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
ტოქსიკოლოგი მშობლებს ურჩევს, მოერიდონ კაშკაშა ფერებით შეღებილ და მბრწყინავ სათამაშოებს, ისინი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. მიუხედავად მათი ფასისა და ბრენდისა, სათამაშოები შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავდეს, ამიტომ ყიდვისას მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქციის უვნებლობის შესახებ, განაცხადა ტოქსიკოლოგმა, ექიმმა–ჰიგიენისტმა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა გიორგობიანმა.
ყველაზე საშიშად მიიჩნევა ფერადოვანი სათამაშოები, რომელთა შესაღებად გამოიყენება ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი. ეს ნივთიერებები ძლიერ მოქმედი შხამებია, მძიმე ლითონების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესების გამოწვევა შეუძლია.

„თვალით საშიში სათამაშოს გარჩევა შეუძლებელია, საჭიროა ლაბორატორიული კვლევები. ამიტომ საჭიროა ყიდვის დროს მოვერიდოთ მკვეთრი ფერებისა და მბრწყინავი სათამაშოების შეძენას. ჩვენი რეკომენდაციაა, ყოველთვის დააკვირდეთ ეტიკეტს, რომელზეც უნდა ეწეროს, რომ პროდუქცია უსაფრთხოა“, – განუცხადა გიორგობიანმა Sputnik–საქართველოს.

რაც შეეხება ხის სათამაშოებს, რომლებიც ნაკლებად საშიშად არის მიჩნეული, ვიდრე პლასტმასის, ტოქსიკოლოგმა აღნიშნა, რომ ისინიც შეიძლება საშიში იყოს, რამდენადაც უცნობია, რა საღებავებით არის დამუშავებული და რა მასალისგან გაკეთებული.
„ძალიან კარგია ხის სათამაშოები, მაგრამ არ ვიცით, რა ტერიტორიიდან არის მასალა. სამწუხაროდ, დედამიწაზე არის რადიაციულად დაბინძურებული ადგილები. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ამა თუ იმ პროდუქციის წარმოებისას“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
სწორი სათამაშოს შერჩევის 7 ოქროს წესი: აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები>>
მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ეკოლოგიური ექსპერტიზის ბიურო ამუშავდება.
„ის არის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ევროპასა და აშშ-ზე. იმედი მაქვს, ჩვენთანაც გაიხსნება“, – აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი სამსახურები იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ შეამოწმონ იმპორტირებული საქონელი, მათ შორის, სათამაშოები.

„იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ასეთი ბიურო ამოქმედდება, ყველა იმპორტიორი, ვისაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია შეამოაქვს, უფრო ფრთხილად იქნება მაღალი ჯარიმების გამო. მაგრამ როდესაც იციან, რომ აქ არანაირი კონტროლი არ არის, განაგრძობენ ამ საქმიანობას“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მავნე ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა ადამიანში რიგ პათოლოგიურ პროცესებს იწვევს. მაგალითად, დარიშხანი საწამლავია, რომელიც მოქმედებს არა მხოლოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არამედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, სისხლძარღვებზე, აღნიშნა გიორგობიანმა.
ბავშვის ორგანიზმში მოხვედრისას ეს ნივთიერებები ორგანიზმში სიმაღლის, განვითარების, ფუნქციონალური პროცესების ძლიერ შეცვლას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0