შესაძლებელია თუ არა მოკლე ვადებში „ომიკრონით" რეინფიცირება: რას ამბობენ ინფექციონისტები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
გამოწერა
ინფექციონისტის თქმით, შესაძლოა კოვიდ-გადატანილ ადამიანს ადვილად შეხვდეს სხვა რესპირაციული ვირუსი და ის მსგავსი სიმპტომების გამო კოვიდს მიეწეროს.
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. არსებობს ვარაუდი, რომ „ომიკრონის“ გადატანის შემთხვევაში რეინფიცირების შანსი მინიმუმ 2-4 თვე პრაქტიკულად არ არის, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. იანვრის დასაწყისიდან ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 25-26 ათასს აღწევდა, თუმცა ბოლო დღეებში საგრძნობლად შემცირდა.
სპეციალისტის თქმით, ბოლო პერიოდში ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ ძალიან მოკლე პერიოდში კვლავ დაემართათ „ომიკრონი“, ანუ მოხდა რეინფიცირება. მისი თქმით, ეს ძალიან ნაკლებადაა შესაძლებელი.

„იმ მოკლე ვადებში, რასაც ადამიანები ჩივიან, რომ 2-3 კვირაში ისევ დაინფიცირდნენ, ეს ნაკლებადაა შესაძლებელი. თეორიულად ალბათ შეიძლება, მაგრამ არა ასე მასობრივად, როგორც ამას ბევრი აღნიშნავს“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ინფექციონისტმა ასევე ისაუბრა რესპირაციულ ვირუსებზე. მისი ინფორმაციით, კოვიდ-გადატანილ ადამიანს შესაძლოა ადვილად დაემართოს სხვა რესპირაციული ინფექციები და სიმპტომები ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ადამიანებს ჰქონიათ, რომ კოვიდი დაუბრუნდათ.
„წლის ამ პერიოდში აქტიურად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციები, და ალბათობა იმისა, რომ კოვიდ-გადატანილ ადამიანს დაემართოს, მაღალია. მეტიც, შეიძლება ტესტი ჩაიტარონ და ისევ დადებითი იყოს, ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ განკურნებულებშიც „პისიარი“ იჭერს ძველ ნარჩენებს ვირუსის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მიმდინარე კოვიდია და ადამიანი გადამდებია“, – აღნიშნა მედიკოსმა.
პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ოფიციალურად დაახლოებით 11 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მცირე ვადა პირველ და მეორე დაინფიცირებას შორის 60 დღეა. რეინფიცირებული ათასი პაციენტიდან 52 გარდაიცვალა.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე: „ომიკრონის“ ყველაზე საშიში ქვეტიპი BA.2 ვარიანტია
სპეციალისტები მოქალაქეებს კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მიუხედავად მსუბუქი მიმდინარეობისა, „ომიკრონის“ შტამი არც ისე მარტივია და იგი შეიძლება გახდეს სერიოზული გართულებების, მათ შორის, ლეტალობის მიზეზი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა. ვირუსმა 15.888 ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყანაში „ომიკრონ" შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.
წყარო: იმედი
ყველა ახალი ამბავი
0