ზალკალიანმა მიუნხენში სამხრეთ კავკასიის განვითარების თემაზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

© photo : official site of MFA of RA დავით ზალკალიანი მიუნხენში კონფერენციის ფარგლებში დისკუსიაში იღებს მონაწილეობას
დავით ზალკალიანი მიუნხენში კონფერენციის ფარგლებში დისკუსიაში იღებს მონაწილეობას - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2022
გამოწერა
ქართული მხარე მეზობლებს სთავაზობს თბილისში პლატფორმის შექმნას კონკრეტული პროექტების განსახილველად.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.
დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი დევიდ მალპასი, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დირექტორი ინგრიდ-გაბრიელა ჰოვენი, გერმანიის სახელმწიფო მდივანი ნილს ანენი, იუწყება Sputnik-სომხეთი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განხილვას უაღრესად საინტერესო და პროდუქტიული უწოდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ კოლეგებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების პოზიციები რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
„მე წარვადგინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მან დააზუსტა, რომ ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში კეთილმეზობლობას ეხება. ქართული მხარე მეზობლებს სთავაზობს თბილისში პლატფორმის შექმნას კონკრეტული პროექტების განსახილველად.
საქართველოში მიაჩნიათ, რომ მეზობელი ქვეყნების მონაწილეობით ეკონომიკური პროექტების განხორციელება გახდება ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი და გაანეიტრალებს გარე საფრთხეებს, რაც გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას.
„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. დონორი ორგანიზაციები მზად არიან ფინანსური რესურსიც გაიღონ იმისთვის, რომ კონკრეტული პროექტები განვითარდეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა შესთავაზა >>
საქართველოს ხელისუფლებამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში ხელშეწყობის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 44-დღიანი ომის დროს განაცხადა.
2021 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად წარადგინა წინადადება პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც თბილისი გახდებოდა მოდერატორი ერევანსა და ბაქოს შორის.
ამასთან, საქართველოში განმარტეს, რომ თბილისი არ გეგმავდა ინიციატივის ფარგლებში პოლიტიკური ხასიათის საკითხების განხილვას.
საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროექტებზე. ასევე შეიძლება განიხილებოდეს პორტების ფუნქციონირების, ლოგისტიკის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკითხები, ანუ იმ თემების მთელი სპექტრი, რომელიც მათ შორის სომხეთისა და საქართველოსთვის ინტერესს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0