როგორ სჯიდნენ დამნაშავეებს ძველ საქართველოში: ზღვევა, ასოთა მიღება და „ნიფხვითოდენ“ ტარება

© Pixabay / diemaჯაჭვი საპყრობილის კედელზე
ჯაჭვი საპყრობილის კედელზე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
დასჯის ფორმები საზოგადობისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების შედარებით ადრეულ საფეხურებზევე გაჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში საჯელის სხვადასხვა ფორმები არსებობდა.
რაღა თქმა უნდა, ძველ ქართულ მართლსაჯულებაშიც არსებობდა გარკვეულ პრინციპებზე დამყარებული სასჯელთა მთელი სისტემა, რომელიც თავისებურებებით ხასიათდებოდა.
ეს სასჯელები სხვადასხვაგვარი იყო:

ქონებრივი სასჯელი

ქონებრივ სასჯელს „საზღვაო“ (ზღვევა) ერქვა და უმეტესად მსუბუქი დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენებოდა. შუა საუკუნეების ქართული სამართლის ძეგლებში გვხვდება ცნობები იმის შესახებ, რომ ზოგ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ნაქურდალის შვიდწილად ზღვევინება, ანუ მოპარულზე შვიდჯერ მეტის გადახდევინება. უფრო ხშირად აქედან ორი წილი დაზარალებულს ერგებოდა, ხოლო 5 წილი — სახელმწიფოს ან ეკლესიას, თუ დანაშაულს ეკლესიის ყმა ჩაიდენდა.
თუმცა იყო გამონაკლისებიც, როდესაც ქონებრივ სასჯელს მძიმე დანაშაულის ჩადენისთვისაც აკისრებდნენ. ძველად საქართველოს მთიანეთში ფართოდ იყო ფეხმოკიდებული სისხლის აღების წესი. ხდებოდა ისეც, რომ ერთი ადამიანის ნებსით თუ უნებლიე მკვლელობის გამო გვარები, ზოგჯერ სოფლებიც კი დანასისხლად გადამტერებიან ერთმანეთს და ეს სისხლიანი დაპირისპირება საუკუნეეების განმავლობაშიც გაგრძელებულა.
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2020
ამბავი ათაბაგის ლაშქრობისა და დუქნის კარზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა
სისხლის აღების უძველეს ადათს ათობით და ზოგჯერ ასობით უდანაშაულო ადამიანი ეწირებოდა. სამეფო ხელისუფლება მთელი სიმკაცრით ებრძოდა ამ წესს და მკვლელობის სანაცვლოდ ფულად საზღაურს ამკვიდრებდა. გიორგი ბრწყინვალეს სამართლის წიგნის („ძეგლისდება“) შექმნის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მთაში დამკვიდრებული სისხლის აღების წესი აღმოფხვრილიყო და ის ჯარიმებით ჩანაცვლებულიყო.
გარდა საერო სამართლით გათვალისწინებული მსჯავრისა, დამნაშავე დამატებით საეკლესიო სასჯელითაც ისჯებოდა. მაგალითად, „ნებსით კაცის კვლა“ იწვევდა 20 წლის განმავლობაში უზიარებლობას, ხოლო „უნებლიეთ კაცის კვლა“ — 10 წლის განმავლობაში. ეს კი დიდ სასჯელად მიიჩნეოდა.

გვემა

გვემა, ანუ ფიზიკური და ზნეობრივი სასჯელი გამოიყენებოდა გარკვეული დანაშაულისათვის. „გვემა“ ხდებოდა ჯოხის, თასმის ან მათრახის საშუალებით. სასჯელის ეს ფორმა მონასტრებშიც კი იყო გავრცელებული და მას „სატანჯველი“ ეწოდებოდა.

თავისუფლების აღკვეთა

ანუ საპყრობილეში გამწესება. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით:
„საპყრობილე განიყოფებიან სამად: დილეგად, საკანად და საპატიმროდ. დ ი ლე გ ი არს სახლი საპყრობილე შებორკილებულთანი; ს ა კა ნ ი არს საპყრობილისა ფსკერთა ქვეშე ბნელი საპყრობილე და ს ა პა ტ ი მრ ო — საპყრობილე სახლი ჴსნილი უჯაჭო“.
იმ დროს საქართველოში პატიმრობით ქართველებიც ისჯებოდნენ და უცხოელი ტყვეებიც. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ პატიმრობა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში გაგრძელებულა. ისეც მომხდარა, რომ ბევრი ცოცხალიც ვერ გამოსულა საპყრობილიდან.
ცხენის ნალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2020
თამარ მეფის უსასტიკესი სასჯელი, ანუ ერთ ნალზე გაცვლილი მელიქი
ამის მაგალითად გამოდგება 1153 წელს არაბი მემატიანის ალ-ფარიკის სტუმრობა საქართველოს მეფე დემეტრე პირველთან. მაშინ მეფემ საპატიო სტუმარი 32 წლით ადრე, 1121 წელს დიდგორზე დატყვევებულ მუსლიმ მებრძოლებს შეახვედრა.

ექსორია და მამულის ჩამორთმევა

ზოგადად თავისუფლების აღკვეთას, ანუ დაპატიმრებას იშვიათად იყენებდნენ, ისიც უკიდურეს შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ დამპატიმრებელს მსჯავრდებულის შენახვა უწევდა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამის სანაცვლოდ დაწესებული იყო ექსორია, ანუ გაძევება. უმეტეს შემთხვევაში გაძევებულებსა და მათი ოჯახის წევრებს მამულებსაც ართმევდნენ.
ექსორია შეიძლებოდა ყოფილიყო დროებითი ან სამუდამო. წყაროების მიხედვით, ქვეყნიდან გაძევებულებს ძირითადად უცხოეთში არსებულ ქართულ მონასტრებში (კონსტანტინოპოლი, ათონის მთა, შავი მთა, პალესტინა) ისტუმრებდნენ.
ექსორიით სჯიდნენ გამოუსწორებელ პოლიტიკურ დამნაშავეებს. მაგალითისათვის ტბელების, ბაღვაშებისა და აბულეთისძეების საგვარეულოები გამოდგება, რომელთა არაერთი წარმომადგენელი გაუძევებიათ საქართველოდან.

ასოთა მიღება, ანუ განპატიჟება

სასჯელის ეს სახე, თავის მხრივ, სხვადასხვა ფორმას გულისხმობდა. შეიძლებოდა დამნაშავისათვის ხელი, ფეხი, თითები ან ენა მოეჭრათ. მაგალითად, მეფის შეურაცხყოფისთვის ენის მოკვეთა იყო დაწესებული.
სასჯელის ამ ფორმაში შედიოდა „გამოყვერვაც“, ანუ დასაჭურისება, რომელიც ძალზე იშვიათად და ისიც მხოლოდ განდგომილი მოღალატე უფლისწულის დასასჯელად გამოიყენებოდა, რათა მისთვის შთამომავლობის ყოლისა და ტახტზე ასვლის ყოველგვარი საშუალება მოესპოთ. არსებული წესით, საჭურისი არ შეიძლებოდა მეფე გამხდარიყო.
სლესა, ანუ მოქცევის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2019
დასჯილი ერთგულება: ამბავი ბააკა ხერხეულიძისა
1177 წელს საქართველოს მეფე გიორგი მესამემ თავისი ძმისწული დემნა უფლისწული დაასაჭურისა, რომელიც სახელოვან ბიძას ტახტს ეცილებოდა და აჯანყებაც კი მოუწყო. მანამდე ანალოგიურად მოიქცა დემეტრე პირველიც, რომელმაც შეთქმული ნახევარძმა ცვატა ვახტანგი ჯერ დილეგში ჩააგდო, ხოლო შემდეგ დაასაჭურისა.
„ასოთა მიღების“ ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა „სიბრმით დასჯაც“, რაც თვალების დათხრას ნიშნავდა და იმ დროს გაცილებით უფრო გავრცელებული სასჯელი იყო. მაგალითად:
975–978 წლებში აფხაზეთში მეფობდა წინამორბედი მეფისგან თვალებდათხრილი თეოდოს მესამე;
1660–1681 წლებში იმერეთში მეფობდა ბაგრატ მეოთხე. ის სამჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან, თვალებიც დათხარეს, თუმცა უსინათლომ მაინც დაიბრუნა ტახტი;
იმერეთს ახსოვს კიდევ ერთი უსინათლო მეფე — ახტანგ ბაგრატიონი ჭუჭუნიაშვილად წოდებული, რომელსაც თვალისჩინი თავად უსინათლო ბაგრატ მეოთხის ბრძანებით წაართვეს.
მსგავსი რამ თამარის მეფობის დროსაც მოხდა, როდესაც დავით სოსლანმა ურჩ და მოღალატე ერისთავს გუზან ტაოელს თვალები დასთხარა. ეს იყო დამნაშავის დასახიჩრების ერთადერთი, გამონაკლისი შემთხვევა თამარის მეფობის დროს. რაც შეეხება სიკვდილით დასჯას, მისი მმართველობისას ასეთი განაჩენი არავისთვის გამოუტანიათ, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა.
ამას ვერ ვიტყვით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეზე, რომელიც დიდი სისასტიკით გაუსწორდა 1765 წლის შეთქმულების მოთავეებს: პაატა და დავით ბატონიშვილებს თავები მოჰკვეთეს, ელიზბარ თაქთაქიშვილი ცეცხლში დაწვეს, გლახა ციციშვილს ენა მოაჭრეს, დიასამიძეს ცალი თვალი ამოთხარეს და მარჯვენა ხელზე ცერა თითი მოკვეთეს, მეფის სახლთუხუცესი დიმიტრი ამილახვარი საჯაროდ შეარცხვინეს — თავზე ნაცარწაყრილი და ვირზე უკუღმა შესმული მთელი თბილისი მოატარეს, ხოლო მის ძეს ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოჰკვეთეს და ფეხის ძარღვები გადაუჭრეს.

სიკვდილით დასჯა

ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯის სხვადასხვა ფორმა არსებობდა. მაგალითად, მეკობრეობისთვის (ანუ ყაჩაღებისთვის) „ძელსა ზედა ჩამოკიდება“, ანუ ჩამოხრჩობა იყო გათვალისწინებული. მეფის ღალატისათვის თავის მოკვეთით სჯიდნენ, განდგომისათვის — კლდიდან გადაგდებით.
წიწვოვანი ტყით დაფარული კლდე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
გელიყარის კლდეზე დასჯილი მოღალატე: ყორღანაშვილის საბედისწერო შეხვედრა
1122 წელს თბილისის აღება დავით აღმაშენებელს დიდი სისხლი დაუჯდა. განრისხებულმა მეფემ ხუთასამდე ურჩი თბილისელი „ძელსა ზედა ჩამოკიდა“ და ასე წამებით ამოხადა სული.
1569 წელს ფარცხისთან გამართული ბრძოლისას კახაბერ ყორღანაშვილმა სვიმონ მეფე ყიზილბაშებს ჩაუგდო ხელში. ერთი წლის თავზე საჩინო ბარათაშვილი გელიყართან გადაეყარა მოღალატეს და თავით გადაუძახა იგი უფსკრულში. როდესაც სვიმონი ტყვეობიდან გათავისუფლდა, მისი ბრძანებით, კახაბერ ყორყანაშვილის ცოლ-შვილიც გელიყარის ხრამში გადაყარეს.
ევდემოზ კათალიკოსი (დიასამიძე) ირანელთა ვასალს, ქართლის მმართველ როსტომ ხანს დაუპირისპირდა, რომელსაც ერის გახრწნასა და სპარსული ადათ-წესების გავრცელებაში სდებდა ბრალს. ქართლის ვალმა ჯერ კათალიკოსობიდან გადააყენებინა ურჩი მწყემსმთავარი, ხოლო შემდეგ ყოფილი კათალიკოსი მშვილდის ლარით მოახრჩობინა და ხრამში გადააგდებინა.
დავით ულუს სამეფო კარზე გავლენიანი ვეზირი და ქვეყნის რეალური მმართველი იყო ვინმე მესტუმრე ჯიქური. მის დროს, როგორც მემატიანე წერს, სამეფოში მპარავი და ავაზაკი არ იყო და „თუ სადა გამოჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან“.
მესტუმრე ჯიქური ნებისმიერი ქურდის მიმართ, მიუხედავად ნაქურდალის ოდენობისა და ღირებულებისა, დაუნდობელი იყო. შეპყრობილ მპარავებს მისი ბრძანებით აუცილებლად ქალაქის ცენტრში აღმართულ ძელზე ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე სამარცხვინოდ. თუმცა მესტუმრე ჯიქურის პირველკაცობა დიდხანს არ გაგრძელებულა — სასახლის ინტრიგებში გაეხვია და მეფის ბრძანებით მეტეხიდან მტკვარში გადააგდეს.
სომეხი მემატიანე ვარდან არეველცი საქართველოს მეფე გიორგი მესამის შესახებ წერდა:

„გიორგიმ პირისაგან მიწისა აღგავა ქურდი და ყაჩაღი. მთელ ჯარს დაუწესა კანონი, რომლითაც დიდი და მცირე დანაშაულისთვის შეუწყნარებლად უნდა ჩამოეხრჩოთ ხეებზე ყველა. ჩამოახრჩვეს მრავალი წარჩინებული. სამსჯავროს ხის ბოძზე დამნაშავეებთან ერთად აკრავდნენ მათთან ნაპოვნ საგნებს, თვით პირუტყვებს, ძაღლებს და თაგვებს. შიში დაეუფლა ყველას. დაისადგურა დიდმა სიმშვიდემ".

დაცინვა-დამცირება

სასჯელის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა პატივისა და ღირსების შელახვა, მაგალითად: წვერის სანახევროდ გაპარსვა, ვირზე შესმა, თავზე ნაცრის დაყრა, თავზე წვნიანის დასხმა, წელზევით შიშველი და ყელზე საბელშებმული დამნაშავის ქუჩა-ქუჩა ტარება და ა.შ.
ამ მეთოდით ძირითადად მრუშობაში მხილებულ მამაკაცებს სჯიდნენ. მანდილოსანს, თუნდაც ასევე მრუშობაში მხილებულს, მსაგავსი რამ არ ემუქრებოდა.
XIV საუკუნის ერთ-ერთი ქართული სამართლის წიგნის მიხედვით, თუ ცოლშვილიანი კაცის მრუშობა გამჟღავნდებოდა ქმარშვილიან ქალთან, სასჯელი ედებოდა მხოლოდ მამაკაცს — „ნიფხვითოდენ“ შიშველსა და ყელსაბელიანს ქუჩებში ჩამოატარებდნენ ხოლმე. ქალი იმ შემთხვევაშიც კი არ ისჯებოდა, თუ მრუშობა მისი ინიციატივით მოხდებოდა, ანუ მამაკაცს მეტი მოეთხოვებოდა.
ვირზე უკუღმა მჯდარის საჯაროდ ჩამოტარების სასჯელს დავით აღმაშენებელიც მიმართავდა. ლაჩრებს, მაროდიორებსა და დეზერტირებს, მეფის ბრძანებით, ქალის კაბას აცმევდნენ, ვირზე უკუღმა სვამდნენ და სამხედრო ბანაკში ყველა მეომრის დასანახად გაატარ-გამოატარებდნენ ხოლმე...
ყველა ახალი ამბავი
0