ბრალდებულთა წრე ფართოვდება: ტრანსნაციონალური თაღლითობის სქემის დეტალები

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
გამოწერა
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალი ედებათ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების გამოყენებით ტრანსნაციონალური თაღლითობის ბრალდებით კიდევ ხუთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები თაღლითური გზით დაეუფლნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
სერვერი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2022
რეგულირების დოკუმენტი: რას გეგმავს მთავრობა ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. თანხმობის მიღების შემთხვევაში მათ მიერ გადმორიცხული თანხის განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე. შემდგომ კი თანხა ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველოში მათივე კომპანიების ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალი ედებათ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა სასამართლოზე ხუთივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0